შვეიცარიის ალპებში, ქალაქ სიონის მთავარ საკათედრო ტაძარში ანსამბლ „რუსთავის“ მომღერლებმა კონცერტი გამართეს. კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, ქართული პოლიფონიის მოსასმენად უამრავმა მსმენელმა მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ შვეიცარიაში მცხოვრები ემიგრანტებიც.
მომღერლებმა, ტრადიციული პროგრამის გარდა, გია ყანჩელის „წუთისოფელი“ მსოფლიოში ცნობილ მევიოლინეებთან, პაველ ვერნიკოვთან და სვეტლანა მაკაროვასთან ერთად შეასრულეს.
ანსამბლი შვეიცარიაში საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მიიწვიეს, რომელიც ორმოცდამეთვრამეტედ ჩატარდა. ქართველი მომღერლები კი ფესტივალში უკვე მეოთხედ მონაწილეობენ. საფესტივალო პროგრამის საპატიო სტუმრები იყვნენ ანზორ ერქომაიშვილისა და გია ყანჩელის მეუღლეები.
სიონის ფესტივალი სამომავლოდ საქართველოშიც შეიძლება გაიმართოს. წელს ფესტივალზე, ანსამბლ „რუსთავის“ გარდა, წარმოდგენილი იყო რეზო გაბრიაძის ბოლო ფილმი და თბილისის მარიონეტების თეატრის სპექტაკლიც.