„ის, რასაც თალიბები ლაპარაკობენ, არის პოლიტიკური ისლამის ენა. თვითონ ისლამი, თუნდაც შარითის კანონები იყოს, ან მუჰამედის მოძღვრება დავარქვათ, აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რასაც ისინი ქადაგებენ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, მამუკა არეშიძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თალიბების რებრენდინგი გამორიცხულია.
„რაც შეეხება თალიბების რებრენდინგს, როგორც მე ვხედავ თალიბანის წიაღში არსებობს, ძალიან ძლიერი პიარ ჯგუფი, რომელი დასავლური უნდა იყოს, რომელიც ნაყოფიერად მუშაობს და ცდილობს სხვა იმიჯი შექმნას თალიბების ლიდერისგან. ვერ მოხდება ეს ამბავი, რადგან მაშინ უნდა გადაუარონ თავის პრინციპებს. ის რაც შარიათის კანონებშია განსაზღვრული, იმაზე უარს ვერ იტყვიან. მაგალითად, ქალების თავისუფლებასა და სწავლასთან დაკავშირებით, შემოსვასთან დაკავშირებით და ა.შ. ამაზე თუ უარი თქვეს, მაშინ თავისი იდეოლოგიის წინააღმდეგ უნდა წავიდნენ, თალიბანის ლიდერები ამას ვერ გააკეთებენ, ეს ყველაფერი ტყუილია. ვერ მოხდება მათი რებრენდინგი. ქაბულში დეკორატიული ცვლილებები ხდება, რადგან მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. რებრენდინგი გამორიცხულია, ხოლო დეკორატიული ცვლილებები შესაძლებელია“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.