აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ჩინეთი იძულებისა და დაშინების პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა, რომლის მიზანი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში უკანონო პრეტენზიების მხარდაჭერაა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 7-დღიანი ვიზიტით სინგაპურსა და ვიეტნამში იმყოფება. სინგაპურში სიტყვით გამოსვლისას კამალა ჰარისმა რეგიონის შესახებ აშშ-ის ხედვა გააჟღერა, რომელიც ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო წესრიგს ეფუძნება.
„ჩვენ ვიცით, რომ პეკინი აგრძელებს იძულებას, დაშინებასა და პრეტენზიების წაყენებას სამხრეთ ჩინეთის ზღვის დიდ ნაწილზე. ეს უკანონო პრეტენზიები უარყოფილი იყო 2016 წლის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით და პეკინის ქმედებები კვლავ ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ წესრიგს და საფრთხეს უქმნის ქვეყნების სუვერენიტეტს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.