ყოფილი უკანონო პატიმარი თამაზ გალუაშვილი პატიმრობის დროს საკანში სულხან მოლაშვილთან ერთად იჯდა. გაზეთ „ასავალ-დასავალთან" გალუაშვილი, მეტსახელად „სპილო", მოლაშვილის წამებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საკუთარი თვალით აქვს ნანახი მისი ნაწამები სხეული და ამბობს, რომ სულხან მოლაშვილს მუდმივად აწამებდნენ.
„დაპატიმრებამდე სულხან მოლაშვილს გამარჯობით ვიცნობდი, მასთან შეხების წერტილი თითქმის არ მქონია. ჩემი დაპატიმრებიდან მალევე, ერთ ღამეს სულხანიც მოიყვანეს და საკანში შემოასახლეს, სადაც ჩემთან ერთად აჭარის ფინანსთა მინისტრი დათო აბაშიძეც იმყოფებოდა.
ღამის 3 საათზე საკნის მძიმე, რკინის კარი ღრჭიალით გაიღო. თავი გაღიზიანებულმა წამოვწიე - ღამე მაინც მოგვასვენეთ-მეთქი - უკმაყოფილოდ წამოვიძახე ნამძინარევმა. ბადრაგმა ჯერ ჩანთა შემოაგდო, მერე სულხანი შემოუშვა და რკინის კარი ხმაურითვე მიკეტა. კედელზე მიყრდნობილი სულხან მოლაშვილი ჩვენს თვალწინ ჩაიკეცა თავისსავე ჩანთაზე... უმალ წამოვხტით და შევეცადეთ, ეს 130-კილოგრამიანი კაცი როგორმე წამოგვეყენებინა. ამოიკვნესა, ზურგზე არ დამადოთ ხელიო. შავი მაისური ავუწიეთ და საკუთარი თვალით დავინახე მის ბეჭზე, ოდნავ იღლიისკენ, ცოტათი შეხორცებული, საშინელი დამწვრობის 5 იარა, რომლებიც განლაგებით კამათელის „ბეშს" წააგავდა. ეს რა არის, რა გიყვეს-მეთქი? - უილაჯოდ ხელი ჩაიქნია. მეორე დილით გამომიტყდა - სიგარეტის ტანზე ჩაქრობით მაწვალესო. - არ გტკიოდა-მეთქი? - არაო, ტკივილს უკვე ვეღარ ვგრძნობდი, მაგრამ ყველაზე მტანჯველი ცეცხლზე შეტრუსული ხორცის თუ ქონის სუნი იყო, როცა ვიცოდი, რომ ეს სუნი ჩემს სხეულს ასდიოდაო...
მუდმივად აწამებდნენ! შუაღამისას მიჰყავდათ და დილით გაუბედურებული, დენით ნაწამები მოჰყავდათ. მოწყობილობას, თურმე, ხელის და ფეხის თითებზე უერთებდნენ და ნაწამებს ისე ჰქონდა თითები დაბუჟებული, ხელიდან ნივთები უვარდებოდა! პერიოდულად საკანში ბადრაგი ტელეფონს შემოიტანდა: გირეკავენ და დაელაპარაკეო. ყურმილიდან მხიარული ხმა ისმოდა - გაემზადე, ამაღამ გაგასეირნებთო. ეს ზარი საწამებლად მორიგი გაყვანის მაუწყებელი იყო. იმ ღამით რაღა დაგვაძინებდა! მეც სულხანის ტრაგედიის განცდით ვცხოვრობდი!" - ამბობს თამაზ გალუაშვილი.