საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეიძინა და მეორე დაკავებულთან ერთად, ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით აჭარის ტერიტორიაზე გადაზიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით OSCAR-ის და MAC-ის დასახელების უაქციზო სიგარეტი.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 11 000 ლარს შეადგენს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.