ავღანეთში განვითარებული კრიზისის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის რეიტინგი 41%-მდე დაეცა. აღნიშნულს USA TODAY/Suffolk University-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 55%-მა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მუშაობით უკმაყოფილოა.
რაც შეეხება ავღანეთიდან ჯარების გაყვანას, გამოკითხულთა 62%-მა არ მოიწონა ის, თუ როგორ წარმართა ჯო ბაიდენმა აღნიშნული პროცესი.
ამასთანავე, გამოკითხვაში მონაწილეთა დაახლოებით 82%-მა განაცხადა, რომ ავღანეთის საკითხი მათთვის ძალიან ან გარკვეულწილად მნიშვნელოვანია.
USA TODAY/Suffolk University-ის გამოკითხვა 19-23 აგვისტოს ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა ათასმა ზრდასრულმა მიიღო. გამოკითხვის ცდომილება 3.1%-ს შეადგენს.