logo_geo
eng_logo
კახი ბექაური: საყოველთაო ინტერნეტიზაცია ბიზნესის და ეკონომიკის ეფექტიანობას აამაღლებს
- +

24 ივლისი. 2016. 17:15



ინტერვიუ საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრ კახი ბექაურთან:


- პირველ რიგში, შეაფასეთ სახელმწიფოსა და ფონდი „ქართუს" წარმოწყებული ერთობლივი პროექტი. როგორ ფიქრობთ, მიიღწევა თუ არა ის მიზანი, რაც ამ პროექტს აქვს დასახული - ინტერნეტის შესვლა რეგიონებში და მასთან ერთად განვითარებისა და განათლების შეტანა სოფლებსა და ქალაქებში?

 

-  ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. მას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს, რადგან სხვადასხვანაირად იმოქმედებს საქართველოს განვითარებაზე. პირველ რიგში, ეს ქართული ეკონომიკის ზრდისთვის არის მნიშვენლოვანი პროექტი. მაღალ ტექნოლოგიებს ბიზნესის ყველა სფერო იყენებს, მაღალი ტექნოლოგიები და ინტერენტი ბიზნესის და ეკონომიკის ეფექტიანობას ამაღლებს. ეს კი პირდაპირ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და შემოსავლების ზრდას ნიშნავს.


რაც შეეხება განათლებას, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება განათლების მოდერნიზაციის კუთხით, რაც სახელმწიფოს აქვს დაგეგმილი. ასევე, განათლების ზოგადი დონის ამაღლებისთვის მთლიანად საქართველოში.


თქვენ ახსენეთ, რომ ინტერნეტიზაცია საჭიროა ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის. მოდი, ისიც ვთქვათ, რომ რეალურად ბიზნესს, რომელსაც სჭირდება ინტერნეტი რეგიონებში, აქვს კიდეც, მაგალითად ბანკებს. მაშინ  რა სეგმენტზე აკეთებს აქცენტს სახელმწიფო?


- ყველგან ნამდვილად არ აქვთ ინტერნეტი. საშუალო და წვრილი ბიზნესი ძირითადად მაინც პატარა ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში ფუნქციონირებს. უფრო სიღრმეში არ არის ინტერნეტი ხელმისაწვდომი, მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში, სადაც დიდი გეგმები აქვს მთავრობას ტურისტული განვითარების მიმართულებით, იქნება ეს გოდერძი, ბახმარო და ა.შ.


დღეს ინტერნეტი არის მხოლოდ კომპაქტურად დასახლებულ პუნქტებში. საქართველოში მხოლოდ 50%-ია ინტერნეტის შეღწევადობა, 50%-ს კი წვდომა არ აქვს, მით უმეტეს ფართოზოლოვან ინტერნეტზე. ამ პროექტის მიხედვით კი 2100 სოფლისა და დასახლებული პუნქტის მოცვაა დაგეგმილი, სადაც 200 ოჯახს აჭარბებს მოსახლეობა. ფაქტობრივად, ეს იქნება თითქმის მთლიანად საქართველო.


ინტერნეტიზაცია უფრო ეფექტურს გახდის სახელმწიფო სერვისების მიწოდებასაც, იქნება ეს იუსტიციის სახლის პროდუქტები, ჯანდაცვის სამინისტროს პროდუქტები და ა.შ. ვფიქრობ, გაიზრდება სხვადასხვა რესურსზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა. ზოგადად, სახელმწიფო მართვაც უფრო ეფექტიანი გახდება, რადგანაც პროცესები და პროცედურები გამარტივდება ტექნოლოგიების გამოყენებით.


-   როგორც პრემიერმა აღნიშნა, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში ინტერნეტთან დაშვება იქნება თავისუფალი - ნებისმიერ ოპერატორს შეეძლება მიუერთდეს ქსელს  და ინტერნეტი მომხარებელს მიაწოდოს. თქვენი აზრით, თავისუფალი დაშვების რეჟიმი როგორ აისახება ინტერნეტპროვაიდერების ბაზარზე?

 

- სახელმწიფო ააშენებს ინფრასტრუტურას იქ, სადაც არ შევა კერძო ბიზნესი. სახელმწიფო არ შეეხება იმ არეალს, სადაც კერძო ბიზნესს უკვე აქვს ინფრასტრუქტურა, ან აპირებს შესვლას მომავალი 3 წლის განმავლობაში. ანუ რეალურად, სახელმწიფო სადაც ააშენებს ინფრასტრუქტურას, ის არ შევა კერძო ბიზნესთან კონკურენციაში. რაც იმას ნიშნავს, რომ Open Net-ი, რომელიც სახელმწიფოს კომპანიაა და მოაწყობს საჭირო ინფრასტრუქტურას, თვითონ არ იქნება ინტერნეტ სერვისების მიმწოდებელი ბოლო აბონენტისთვის. ის არ გაყიდის ინტერნეტს, ის მხოლოდ გააქირავებს ინტერნეტს თავისუფალი დაშვების პრინციპით არსებულ პროვაიდერებზე.


თავისუფალი დაშვება მოხდება იმ წერტილებში, სადაც სახელმწიფო ააშენებს ინფრასტრუქტურას ინტერნეტისთვის. ინტერნეტ ფასი ამ წერტილებში იქნება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგულირებული, რომელიც დღესაც რეგულირებულია ოღონდ მხოლოდ თბილისში და შეადგენს 32 ლარს დღგ-ს გარეშე 1 მგბტ/წმ. სავარაუდოდ, ეს ფასიც გადახედილი იქნება სამომავლოდ. ვაპირებთ, რომ ჩავატაროთ ბაზრის კვლევა და დავადგინოთ ზედა ზღვრული ტარიფი.


- თავისუფალი დაშვების რეჟიმში კიდევ უფრო ხომ არ გაძლიერდებიან მსხვილი ინტერნეტ პროვაიდერები? სპეციალისტები აცხადებენ, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ფასი ექნება ინტერნეტს დაშვების წერტილებზე და რამდენად შეძლებენ მის დაქირავებას მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერები... თქვენ ახსენეთ, რომ უნდა გადაიხედოს ეს ფასი, მაგრამ რეალურად რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ახალი ტარიფი მცირე და საშუალო კომპანიებისთვის?

 

- ეს იქნება ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი. მსხვილი ოპერატორი, რომელმაც უნდა გაყიდოს ინტერნეტი ბითუმად წვრილ თუ საშუალო ოპერატორზე, მას ექნება რეგულირებული ფასი, რომელიც იქნება ხარჯეფექტური, ანუ პრაქტიკულად დაბალი ფასი. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს, რომ მსხვილ ოპერატორს არ ჰქონდეს კონკურენტული უპირატესობა ფასში საშუალო ან წვრილ ოპერატორთან შედარებით. ანუ თანაბარ პირობებში რომ იყვნენ წვრილი და მსხვილი კომპანიები ფასთან მიმართებით.

 

თავდაპირველად, როდესაც საქართველოში დაიწყო ინტერნეტიზაცია, სწრაფად წავიდა ეს პროცესები. შემდეგ რაღაც დონეზე შეჩერდა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი?


-  ფაქტობრივად დღეს ინტერნეტით მოცული არის ყველა მჭიდროდ დასახლებული პუნქტი, სადაც ინვესტიცია გამართლებული იყო. კომპანიებს უღირდათ ამ ინვესტიციის განხორციელება და ფიქრობდნენ, რომ რაღაც დროის შემდეგ ინვესტიციას უკან ამოიღებდნენ. ყველა ასეთ ადგილას ეს ბიზნესი შევიდა.


მოგეხსენებათ, ყველაზე ძვირი ჯდება გათხრა, კაბელის ჩადება - ძირითადი დანახარჯები სწორედ კაპიტალურია. თუ ინვესტიცია ამ თვალსაზრისით ჩაიდება და არ გავა დიდ ბაზარზე, პრაქტიკულად, კომპანიას არ უღირს მისი განხორციელება. ამიტომ არამჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში ეს ინვესტიცია მათ არ გააკეთეს.


სახელმწიფო პროექტის არსიც ეს არის, რომ იქ, სადაც კერძო ბიზნესს არ უღირს, ან მეჩხერია დასახლება, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ინფრასტრუქტურის მოწყობას. 


- გასაგებია, რომ ინტერნეტიზაციას აქვს ძალიან ბევრი დადებითი ასპექტი, მაგრამ ყველაფერს აქვს მეორე მხარე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც საუბრობენ გარკვეულ საფრთხეებზე ინტერნეტიზაციის პროცესში - ონლაინკაზინოების კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციაში, გარკვეული შინაარსის არხების წვდომაში და ა.შ. თქვენ თუ ხედავთ საფრთხეებს ამ მიმართულებით?


-  ყველა ის საფრთხე, რომელიც არალეგალური ან მეკობრული კონტენტის გავრცელებას გულისხმობს, არსებობს ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.  მოსახლეობის 50%-ს აქვს ინტერნეტი თუ 100%-ს, ყველასთვის დგას ეს საფრთხე და თუ რამე კანონი ირღვევა, ყველა შემთხევაში მოსავლელია მოსავლელია შესაბამისი ორგანოების მხრიდან. ამის გამო ჩვენ ინტერნეტიზაცია არ გავზარდოთ, მგონი, არალოგიკური იქნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner