ტელეიმედის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ პატიმრობა სასამართლომ ძალაში დატოვა. მოსამართლის თქმით, არსებითი გარემოება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა, დაცვის მხარეს არ წარუდგენია.
მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის და დავით კეზერაშვილის მიმართ, დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაგრძელება პროკურორმა დავით ნეფარიძემ მოითხოვა.
„სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხი. მოგეხსენებათ საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ყოველ 2 თვეში ერთხელ, სასამართლო ვალდებულია გადასინჯოს ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა. გამომდინარე იქიდან, რომ რაიმე ახალი არსებითი გარემოება დაცვის მხარის მხრიდან წარმოდგენილი არ იყო, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, რომ სასამართლოს ემსჯელა არსებობდა თუ არა პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხი, ყველა ის ფორმალური და ფაქტობრივი საფუძველი, რაც თავის დროზე საფუძვლად დაედო ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, უცვლელად იყოს სახეზე. სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება",- განაცხადა დავით ნეფარიძემ.