მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, ბათუმში ISUZU-ს მარკის 40 ახალი ავტობუსი შემოდის.
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ISUZU-ს ქარხანას ეწვია და ბათუმისთვის განკუთვნილი ავტობუსები დაათვალიერა.
„ბათუმისთვის 40 ახალი ავტობუსი შევიძინეთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და განახლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. მოგეხსენებათ, გასულ წელს 8 ელექტროავტობუსი შემოვიყვანეთ, ახლა კი, 40 ერთეული დავამატეთ“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, ავტობუსები იქნება სრულად ადაპტირებული და თანამედროვე სტანდარტების, აღჭურვილი გათბობისა და კონდიცირების სისტემით. დამონტაჟებული იქნება საინფორმაციო ხმოვანი და ვიდეომონიტორინგის სისტემები და რაც მთავარია, ახალი ავტობუსებით მოქალაქეები შეძლებენ კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას.
,,სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. ვასრულებთ ველოსისტემის გენერალური გეგმის შემუშავებას. უკვე მოეწყო სპეციალური სავალი ზოლები ავტობუსებისთვის, რომლითაც გადაადგილება ასევე შეუძლიათ ველომოყვარულებს. ქალაქის მასშტაბით დამონტაჟდა ფერადი ტაბლოები, მოეწყო ახალი საათობრივი პარკირებები. სამომავლოდ, ასევე, განვიხილავთ შუქნიშნების განახლებას. ჩვენი ამოცანაა მუნიციპალური ტრანსპორტის მოხმარების გაზრდა და ავტობუსების პარკის განახლება“ - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
EURO 5 სტანდარტის, citibus-ის მოდელის 16 ერთეული ავტობუსი სიგრძით 10 მეტრს შეადგენს და 63 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ხოლო, EURO 6 სტანდარტის, novociti life-ის მოდელის 24 ერთეული ავტობუსი 8 მეტრიანია და 53 მგზავრს მოემსახურება. ავტობუსების შეძენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერის გზით განახორციელა. ავტობუსების შესყიდვის საერთო თანხა 5 მილიონ 521 ათას 595 ევროს შეადგენს.