თბილისის საქალაქო სასამართლოში ნავთლუღის სპეც-ოპერაციის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. პროცესზე კონსტიტუციური უშიშროების და პარლამენტის ყოფილი ინფორმატორი ბრალდების მოწმის სახით დაიკითხა, რომელმაც 2006 წელს პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება დღეს უარყო. მასთან ერთად კი დღევანდელ პროცესზე კიდევ 2 მოწმე დაიკითხა.
სასამართლო პროცესზე სულ სამი მოწმე დაიკითხა, თუმცა ბრალდების მხარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენება, კუდის ყოფილმა ინფორმატორმა მისცა.
დღევანდელი მოწმე ნავთლუღის სპეც-ოპერაციის საქმეზე 2006 წელს ჩატარებულ გამოძიებაში, ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო, რადგან სწორედ ის ადასტურებდა, რომ დაინახა სპეც-ოპერაციის დაწყებამდე როგორ გაუხსნა სამმა ახალგაზრდამ ცეცხლი სპეც-რაზმელებს, რის შედეგადაც კუდის სპეც-რაზმი იძულებული გახდა საპასუხო ცეცხლი გაეხსნა. საპასუხო სროლის შედეგად კი, სამივე ახალგაზრდა დაიღუპა. თუმცა დღეს, იმავე მოწმემ სასამართლოში განაცხადა, რომ 2006 წელს ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა.
მოწმის დღევანელი ჩვენებით, მას კუდის ყოფილ მაღალჩინოსანთა გია დგებუაძესთან კავშირში მყოფი, ვინმე გიორგი, მეტსახელად - ნაცი დაუკავშირდა და კატეგორიულად მოსთხოვა შეხვედრა. რის შედეგადაც ის ნავთლუღის სპეც-ოპერაციის ადგილზე მიიყვანეს და უთხრეს, რომ გამოძიებისთვის უნდა მოეყოლა თითქოს ის ბაზრობაზე ვაჭრობდა, რა დროსაც დაინახა როგორ დაიწყო ყველაფერი. ვინმე გიორგიმ მას წინასწარ დაწერილი ჩვენების დაზეპირებაც მოსთხოვა.
დღევანდელ სხდომაზე მოწმეს კითხვები თავად ბრალდებულმა გია დგებუაძემ, იგივე მასტერამაც დაუსვა. ბრალდებული დაინტერესდა რატომ არ დაუკავშირდა მოწმე მას, თუ მის დაქვემდებარებაში მყოფი პირი, ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდა. რასთან დაკავშირებითაც მოწმემ განაცხადა, რომ სიტუაციის გამწვავება არ სურდა, რადგან არ იყო დარწმუნებული თუ გია დგებუაძე საქმის ყურში ჩააყენებდა მას დაეხმარებოდნენ.