logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: რელიგიის პოლიტიზირებას ყოველთვის თან ახლავს ასეთი ექსტრემიზმი
- +

24 ივლისი. 2016. 17:50



 „ამ აჯანყებით გამოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ამდენი ხანია ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ცივილიზებული ერია, საბოლოო ჯამში, გამოჩნდა სახე, რომელიც საშუალო კლასისთვის არის დამახასიათებელი", - ამბობს ექსპერტი მამუკა არეშიძე „სარკესთან" ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ  ერდორანის და გიულენის დაპირისპირება ძალაუფლების გამო მოხდა. 



„ამერიკა ითხოვს, რომ ერდოღანმა მტკიცებულებები წარადგინოს. ამ დასაბუთების გარეშე არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა და მით უმეტეს აშშ არ და ვერ გადასცემს გიულენს.

 

ერდოღანი გიულენს სხვა დროსაც ადანაშაულებდა.  ახლა მთავარია, როგორ წარიმართება სასამართლო გარჩევები მისი ექსტრადიციის შესახებ.

 

გიულენი და ერდოღანი მეგობრობდნენ, თანამშრომლობდნენ. მერე კი ალბათ ძალაუფლების და გავლენების გამო მოხდა მათი დაპირისპირება. გიულენი ყოველთვის ცდილობდა, სხვა მეთოდებით ებრძოლა. მას აქვს უამრავი საგანმანათლებლო ცენტრი მთელ მსოფლიოში. ესეც მუდმივად აღიზიანებს ერდოღანს, რადგან ეს სასწავლო დაწესებულებები პრობლემას უქმნის. ერდოღანის მიმართ კრიტიკა ხშირად სწორედ ამ სასწავლებლებიდან მიმდინარეობს.

 

შეთქმულებათა თეორიების არ მჯერა, სანამ არ გაირკვევა, რა მოხდა და ვინ იყო ჩარეული, დადასტურებით ვერაფერს ვიტყვი. ყველა ქვეყანაში, სადაც სამხედრო გადატრიალება იმარჯვებს, ლეგიტიმაციის დიდი პრობლემა დგება.

 

თურქეთი NATO-ს წევრია და ამას დიდი გავლენა ექნებოდა სტრატეგიულ პარტნიორებზე. ალბათ სამოქალაქო ომის პროვოცირებაც მოხდებოდა, რაც თავისთავად საქართველოზეც აისახებოდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ამდენი ხანია ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ცივილიზებული ერია, საბოლოო ჯამში, გამოჩნდა სახე, რომელიც საშუალო კლასისთვის არის დამახასიათებელი. ეს ერდოღანის ბრალია, რადგან ათათურქის თურქეთი მაქსიმალურად დისტანცირებული იყო რელიგიის პოლიტიზირებასთან. დღეს კი ასე აღარ არის. სადაც რელიგია ურევია, ყოველთვის თან ახლავს ასეთი ექსტრემიზმი", - ამბობს მამუკა არეშიძე.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner