logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩემზე თავდასხმის მთავარი დამკვეთი სააკაშვილია!
- +

24 ივლისი. 2016. 18:03



პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მასზე თავდასხის დეტალებზე საუბრობს. დავითაშვილი ამბობს, რომ მას ცივსისხლიანად გაუსწორდნენ ადამიანები, რომლებსაც არც ფორმა ეცვათ და არც რაიმე სახის საბუთი წარმოუდგენიათ. კობა დავითაშვილი მასზე თავდასხმის დამკვეთად მიხეილ სააკაშვილს ასახელებს.

 

„ადამიანები, რომლებიც თავს დამესხნენ, ნამდვილი ბანდიტებივით და ტერორისტებივით იქცეოდნენ. ფორმა არ ეცვათ, არანაირი საბუთი არ წარმოუდგენიათ და პირდაპირ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. ცივსისხლიანად გამისწორდნენ, ლითონის გასაშლელ ხელკეტებს მიზანმიმართულად მირტყამდნენ კისრისა და თავის არეში. ისინი მკვლელობაზე წამსვლელებიც იყვნენ. გორისკენ რომ მივყავდი, გზაში მსჯელობდნენ, რა ვუყოთო? იგოეთთან სხვა ჯგუფს გადამცეს და მათ გადამიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რომელიც დახურული ტიპის დაწესებულებაა. იქ ნამდვილად არ გამოირიცხებოდა ჩემი მოკვლა და დარწმუნებული ვარ, მედპერსონალს შორის აუცილებლად ეყოლებოდათ მათთვის სანდო პიროვნება, რომელიც ჩემს მკვლელობაზე ხელს მოაწერდა.

 

გორის ჰოსპიტალში ცდილობდნენ კიდეც, რომ რაღაც ოპერაცია გაეკეთებინათ, რომელიც არანაირად არ მჭირდებოდა და წინააღმდეგობას ვუწევდი. საზოგადოების რეაქციამ გადამარჩინა, თორემ შეიძლებოდა, იქიდან ცოცხალი ვერც გამოვსულიყავი.

 

დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე თავდასხმის მთავარი დამკვეთი სააკაშვილია, ადეიშვილი კი, უბრალოდ, შუალედური რგოლი გახლავთ! საქართველოში აბსოლუტური დიქტატურა მძვინვარებდა და სააკაშვილი ერთპიროვნულად წყვეტდა იმასაც კი, ქუჩაში საზოგადოებრივ ტუალეტს როგორი დიზაინი უნდა ჰქონოდა, ანდა რომელიმე მიყრუებულ სოფელში ვინ დანიშნულიყო გამგებლის მოადგილედ. აქედან გამომდინარე, გამოვრიცხავ, რომ ჩემზე თავდასხმა სააკაშვილის გარეშე მოხდა.

 

პირდაპირ გეტყვით, არ ვიქნები წინააღმდეგი, ადეიშვილს საპროცესო გარიგება გაუფორმდეს, თუკი იგი სააკაშვილზე ჩვენებას მისცემს!" - ამბობს კობა დავითაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner