„სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს კახეთში დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, პროცესის წარმართვა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს დაევალა.
„ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში - ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ამ პროცესის წარმართვა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს დავავალე. შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, სადაც მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილზე იმყოფება ჩემი წარმომადგენელი - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი. არც ერთი დაზარალებული არ დარჩება სახელმწიფოს ზრუნვის გარეშე!”, - აღნიშნავს პრემიერი.