ავღანეთის ცენტრალურმა ბანკმა მოითხოვა, რომ ქვეყნის ყველა ბანკმა დროებით კლიენტებისთვის ფულის განაღდებაზე ლიმიტი - კვირაში 200 დოლარი დააწესოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Khaama Press ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ავღანეთში არსებული რთული ვითარების გამო მიიღეს. ცენტრალურმა ბანკმა კერძო კომპანიებს სამუშაოს განახლებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კლიენტებს ფულის გადარიცხვა უპრობლემოდ შეეძლება.
ეს განცხადება მას მერე გავრცელდა, რაც ბანკებისა და სავალუტო ჯიხურების მუშაობის შეწყვეტის გასაპროტესტებლად ქაბულის ქუჩებში ასობით ადამიანი გავიდა. აქციის მონაწილეები თავიანთი ფულის ნაწილის გამოტანის შესაძლებლობას ითხოვდნენ.
ქაბულის ბანკებმა მუშაობა 15 აგვისტოს მას მერე შეწყვიტეს, რაც „თალიბანის“ მებრძოლებმა ქალაქი დაიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ბანკებს მუშაობის განახლების შესაძლებლობა 25 აგვისტოდან მიეცათ, ბანკების უმრავლესობა მაინც დახურული იყო.