„უკრაინის ქალაქ ოდესაში ლგბტ აღლუმის დროს ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებისა და პოლიციას შორის შეტაკებებში 29 სამართალდამცველი დაშავდა“, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს.
მათი განცხადებით, ლგბტ თემის მიერ დაგეგმილი აქციის დროს აგრესიულად განწყობილ მოქალაქეთა ჯგუფი სამართალდამცველებს „არაადეკვატურად მოექცა“. მათ პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. პროვოკატორების ქმედებების შედეგად 29 პოლიციელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცველის მიმართ ძალადობის, მასობრივი არეულობებისა და ხულიგნობის მუხლებით. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 51 ადამიანი დააკავა.