„გარდენია შევარდნაძის“ ტერიტორიაზე ის ფართი დაილუქა, რომელშიც კოვიდრეგულაციების დარღვევით ღონისძიება ჩატარდა.
როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი ცხადაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ ადგილას 10-ზე მეტი პირის მონაწილეობით სოციალური ღონისძიება გამოვლინდა, რაც მოქმედი რეგულაციების დარღვევას წარმოადგენს.
„ამასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ფიზიკური პირი 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა“, - განაცხადა გიორგი ცხადაძემ.
როგორც მან განმარტა, დალუქვა „გარდენიას“ მთლიან სივრცეს არ შეეხო.
„შენობა და საცხოვრებელი სახლი არ დავხურეთ, დაილუქა მხოლოდ კვების ობიექტი, ფანჩატურის მსგავსი ნაგებობა, სადაც სოციალური ღონისძიებები იმართება ხოლმე“, - აღნიშნა გიორგი ცხადაძემ.
თავის მხრივ, როგორც „გარდენია შევარდნაძის" მფლობელი ზურაბ შევარდნაძე აცხადებს, „ნამდვილად არ იყო ქორწილი" და მას პირადი სტუმრები ჰყავდა.
"სტუმრები იყვნენ ჩემთან, იყო 22 კაცი“, - აღნიშნა ზურაბ შევარდნაძემ.