აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ქაბულში ავია იერიში განახორციელეს.
გამოცემის ინფორმაციით, დრონით გაშვებული რაკეტის შედეგად აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც თვითმკვლელი ტერორისტი გადაადგილდებოდა. მას ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში აფეთქების მოწყობა უნდოდა.
სარაკეტო დარტყმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ინფორმაცია ქაბულში მომხდარი აფეთქების შესახებ ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
26 აგვისტოს ქაბულში ტერაქტის შედეგად 170 ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ადგილობრივმა ფრთამ აიღო. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 - დაჭრილია. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით, ტერაქტის ორგანიზატორებზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ორი ლიდერი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.