„ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. როგორც დავპირდით 2 000-ზე მეტ ბავშვსა და მათ ოჯახებს, წლის ბოლოსთვის ისინი 600-მდე ბინას მიიღებენ. მომავალი წლისთვისაც გავითვალისწინეთ შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები, რათა მეორე ეტაპზე ყველა ოჯახი დაკმაყოფილდეს“, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
მან ასევე რეგიონში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები. კერძოდ, კეთდება აჭარის წყალმომარაგების პროექტით, რომლის შედეგადაც ყველა დაბასა და სოფელში იქნება წყალმომარაგების თანამედროვე სისტემები.
რიჟვაძემ კურორტების მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლახან იმყოფებოდა კურორტ გოდერძიზე, სადაც იქ მიმდინარე საინვესტიციო პროექტები მოინახულა.
„20-ზე მეტი პროექტი ძალიან აქტიურად ხორციელდება. იქ წარმოდგენილია საერთაშორისო ბრენდები. ასევე მიმდინარეობს გზის მოწყობისა და სხვა სახის პროექტები. ასევე, ჩირუხში ჩვენ ვაკეთებთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ზიპლაინს. ჭვანაშიც ტურისტული მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს დაგეგმილი და ამ მიზნით 10 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. კურორტ გომარდუზე ვგეგმავთ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნას და ამ მიმართულებით ბიუჯეტში უკვე შესაბამისი სახსრებია გათვალისწინებული. გარდა ამისა, მიმდინარეობს ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ამასთან, აჭარაში წელს 140კმ-ზე მეტი გზა დაიგება“, - განაცხადა რიჟვაძემ.