„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის ახლახან მიღებული წესი ისევ გადაიხედოს.
მან უპასუხა კითხვას - რამდენად შესაძლებელია შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებული, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი კვლავ შეიცვალოს იმის გათვალისწინებით, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებენ.
კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულმა წესმა პრაქტიკაში არ იმუშავა და იქვე აღნიშნა, რომ „როცა რაღაც ირაციონალურია, შესაბამის ნორმას გადახედვა სჭირდება“.
„ზოგადად, წესი ირაციონალურია და ეს ამ პროცესმაც აჩვენა. ასევე, ამ პროცესმა აჩვენა ისიც, რომ კონსენსუსის მიღწევის რესურსი ამ რადიკალურ ოპოზიციასთან რეალურად არ არსებობს.
რამდენად შეიძლება ოპოზიციასთან კონსესუსის ვერ მიღწევა გახდეს საბაბი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალოს, მმართველი გუნდი საბაბებით არ მოქმედებს, მაგრამ მიზეზებით შეიძლება იმოქმედოს.
არ ვიცი, ყველაფერზე შეიძლება იმსჯელოს პარლამენტმა. თუ რაღაც ირაციონალურია, ბუნებრივია, შესაბამის ნორმას გადახედვა სჭირდება. ვნახოთ, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. დრო საკმაოდ ბევრია. ბუნებრივია საპარლამენტო ფორმატში შესაძლებელია ყველა ნორმასთან დაკავშირებით მსჯელობა,“ - განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.