„დღეს ჩვენი მუზეუმის ისტორიაში დაუჯერებელი რამ მოხდა, დღეს კულტურის სამინისტრომ ჩვენთვის, ჩვენს მომიჯნავედ უზარმაზარი შენობა და ეზო იყიდა, იყიდა იმისათვის რომ განვვითარდეთ, ჩვენი კოლექციები უსაფრთხოდ განვათავსოთ, უფრო გავფართოვდეთ...“, - ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.
„ამ დროში როცა ბულინგი, ლანძღვა და სხვისი გაშავება ყოველდღიურობად იქცა, მადლიერების გამოხატვა უკვე უცხო ხილად აღიქმება, სიტყვა მადლობას ჩვენში ეჭვით და განქიქებით უყურებენ! მიუხედავად ამისა დღეს მე მადლობას ხმამაღლა, საჯაროდ და თამამად ვიტყვი!
მეორე წელია ხელოვნების სასახლეს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი გადმოეცა. მუზეუმი 1911 წელსაა დაარსებული, უნიკალური და უმდიდრესი კოლექციებით, თუმცა შენობა რომელშიც ის მდებარეობდა კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, დაბზარული კედლებით, მორყეული მზიდი კონსტრუქციებით...
ბოლოს შენობაში ისე წვიმდა როგორც გარეთ... ამ ვითარების გამოსასწორებლად ორი წლის განმავლობაში ვის არ ვთხოვე, ვისთან არ ვიყავი, როგორი პროექტი არ დავწერე, თუმცა ამ მძიმე დროებაში ყველას თავისი სადარდებელი ჰქონდა, ამიტომ მეგონა რომ ვითარება გამოუვალი და უიმედო იყო...
საბედნიეროდ მხოლოდ მეგონა... დღეს ჩვენი მუზეუმის ისტორიაში დაუჯერებელი რამ მოხდა, დღეს კულტურის სამინისტრომ ჩვენთვის, ჩვენს მომიჯნავედ უზარმაზარი შენობა და ეზო იყიდა, იყიდა იმისათვის რომ განვვითარდეთ, ჩვენი კოლექციები უსაფრთხოდ განვათავსოთ, უფრო გავფართოვდეთ... ახლა კი მადლობა, მადლობა პირადად მინისტრ თეა წულუკიანს, რომელმაც ეს მძიმე, ხანგრძლივი პრობლემა მისთვის ჩვეული შემართებით მოაგვარა, მადლობა იმისათვის, რომ მოვიდა, საკუთარი თვალით ნახა, გაიგო და გაისიგრძეგანა ჩვენი გასაჭირი, მადლობა იმ დამოკიდებულებისათვის რაც ამ ძვირფასი ეროვნული კოლექციებისადმი გამოიჩინა, მადლობა რომ ამ მძიმე დროებაში, ხელოვნების სასახლე არ დაივიწყა... ეს მადლიერება ყოველგვარი პირადის მიღმაა, ის ნათქვამია იმიტომ, რომ საქმე ჩვენი ეროვნული საგანძურის შენარჩუნების და მოვლის საშვილიშვილო საქმეს ეხება.
PS ეს მწვანეში ჩაფლული შენობა უკვე ჩვენია, უკეთეს ფოტოებს მოგვიანებით დავდებ, როცა შენობას ოფიციალურად გადმოვიბარებთ“, - წერს კალანდია.