logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ოპოზიციას მიხედეთ, მთლიანადაა სახლში გასაშვები, სრულიად ახალი ხალხი უნდა შემოვიდეს
- +

1 სექტემბერი. 2021. 17:50

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მიმდინარე საკითხებზე და სააკაშვილის ვიდეობლოგზე როგორც უკვე ყველამ აღნიშნა და ადრე მეც ვწერდი, ოპოზიცია, თუ არ ჩავთვლით საინფორმაციო ხრიკებს და პანდემიით სპეკულირებას, ფორმალური წარდგენებების გარდა, წინასაარჩევნო კამპანიას არ აწარმოებს.

 

ავრცელებენ რაღაც უაზრობებს, რომელთაც იციან უპასუხოდ არ დატოვებენ.

 

ამ უაზრობებზე პასუხების გაცემა იკავებს საინფორმაციო სივრცის საკმაოდ დიდ ნაწილს და ქმნის არასაქმიან, უსარგებლო, ნეგატიურ ფონს, რაც მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებშია.

 

თავად არც პროგრამებს წერენ, არც არჩევნები ადარდებთ, გარდა მათი შედეგების ბოიკოტირებისა, და ცდილობენ ხელისუფლებასაც უაზრო დღის წესრიგი მოახვიონ თავს.

 

გავიხსენოთ ბოლო აბდაუბდა თემები, განცხადებები:

 

  1. ზიზღის და სიძულვილის ენის ავტორებმა და ფუძემდებლებმა ხელისუფლებას შემოუტრიალეს და აქეთ აბრალებენ სიძულვილის ტირაჟირებას.

 

გგონიათ, არ იციან, რომ ცრუობენ? უბრალოდ ამით „ოცნების“ ამომრჩეველი ოცნებაზე ბრაზდება. მარტივი გათვლაა.

 

სააკაშვილის დღევანდელ ვიდეობლოგში შეურაცხყოფებია პრემიერის მისამართით, ოღონდ ევროპელებს აბრალებს, ისინი ამბობენ ამასო. ეს ხომ ასეც და ისეც ზიზღის ენის ტირაჟირებაა.

 

  1. ევროპამ უფასო ფული შეგვიჩერაო. არაა უფასო ფული. კრედიტია, 75 მლნ. იციან, მაგრამ...

 

  1. ახლა ცრუობენ, ევროპის დახმარებაზე უარის თქმით „ოცნება“ იანუკოვიჩის გზას ირჩევსო. იანუკოვიჩის თემაზე დავწერე რამდენჯერმე და გავიმეორებ, რადგან ბევრმა არ იცის.

 

იანუკოვიჩს ევროპის დახმარებაზე არ უთქვამს უარი. 3 მლრდ ითხოვა და დაპირდნენ მილიარდს. მერე პუტინმა მისცა 15 მლრდ და 3 მლრდ მყისიერად ჩაურიცხა.

 

ამის შემდეგ იანუკოვიჩმა ევროასოცირებაზე უარი თქვა. უარს რევოლუცია მოჰყვა.

 

სად ხედავთ აქ მსგავსს?

 

  1. სააკაშვილი ამბობს, თვითმფრინავებით დახმარებაზე უარი მითხრა მთავრობამო. არც პანდემიის პირველი ტალღის დროს უთქვამთ უარი, არც ავღანეთიდან ევაკუაციისას. მაგრამ ლაპარაკობს.

 

  1. სააკაშვილმა, ამათგან განსხვავებით, სკოლაში კარგად ვსწავლობდიო და იგავი მოყვა - „მელა და ყურძენი“. უყვარს რუსული იგავები. თუმცა, „ვეფხისტყაოსნის“ არ იყოს, აქაც დაუშვა შეცდომა. ყურძენი არც მჟავეა, არც მწარე. ორთავე თქვა.

 

სამაგიეროდ, დღეს საოცარი „დამთხვევა“ მოხდა და იმავე, ანუ ევროპის ვალის თემაზე კახა გოგოლაშვილმაც "მელა და ყურძენი" შეგვახსენა, ოღონდ ბატონმა კახამ სწორად თქვა, მკვახე იყო ყურძენიო.

 

საინტერესოა, ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე თემაზე, როგორ გაახსენდა ორ ადამიანს კრილოვის ერთი და იგივე იგავი?!

 

  1. კალაძე და გახარია შეხვდნენო. მთავარია, თქვეს. რა მნიშვნელობა აქვს, სიმართლეა თუ სიცრუე, კითხვა ხომ დაისვა?! საინფორმაციო დროის 2-3 წთ ხომ წაიღო?! თან, თავიანთი ლოგიკით, „ჩორტებიც“ ჩააგდეს.

 

  1. გუშინ ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ვუსმინე. დასაწყისში წამყვანმა დიდი დრო დაუთმო ორი ირაკლის, კობახიძის და ღარიბაშვილის ურთიერთობებს. მესმის, რომ ის სამი ტვ აგორებს თემას. სხვებიც რატომ ყვებიან?

 

გინდათ თუ არა, ცუდი ურთიერთობები გაქვთო. ელემენტარულად ავხსნი.

 

ვისაც აქვს ინფორმაცია, იცის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის პიარს, მთელ მათ რესურსებს, რისი საშუალებაც აქვს ოცნებას, ხელმძღვანელობს ირაკლი კობახიძე. ამას აკეთებს გუნდთან შეთანხმებულად, მაგრამ წარმართავს თვითონ.

 

პრემიერი მთელი დღე ტელეეკრანებზეა, ხან წარდგენებზე, ხან სხვა თემებით. დაპირისპირების შემთხვევაში ასე არ იქნებოდა. მარტივია. თუმცა, მთავარი მათთვის ის კი არაა, რა ხდება ოცნებაში, მთავარია თემა ააგორონ.

 

მესმის, არჩევნებია და ომობენ. უბრალოდ, ზარალდება საარჩევნო პროცესი და საზოგადოება.

 

  1. სამი ოპოTV ევროკავშირის სესხზე უარის თქმას იანუკოვიჩის 2014 წლის პერიპეტიებს ადარებენ.

 

ეს წმინდა წყლის მავნე სპეკულაცია და ხალხის სიცრუეში შეყვანაა.

 

2014 წელს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის გამო (ცნობისათვის 2014-16 წლებში მძიმე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი იყო, რაც ჩვენზეც აისახა), იანუკოვიჩმა ევროპას 3 მლრდ ევროს დახმარება სთხოვა, პასუხად კი მხოლოდ 1 მლრდ მიიღო, რაც იანუკოვიჩის აზრით არ იყო საკმარისი კრიზისის გასამკლავებლად.

 

ამ დროს გამოჩნდა პუტინი და მყისიერად გამოუყო უკრაინას 15 მლრდ ნავთობევრო, საიდანაც 3 მლრდ იმავე დღეს გადაურიცხა. დანარჩენს მერე მოგცემო.

 

ეს „მერე“ ევროპაზე უარის თქმა იყო. იანუკოვიჩმაც უარი თქვა ევროასოციაციაზე.

 

სად ხედავთ აქ მსგავსს? დღეს არც ევროპას ვთხოვთ დახმარებას და არც პუტინს. ასოცირების შეთანხმებას კი წინამ კი არა, ამ მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს მოაწერა ხელი.

 

იციან ეს ყველაფერი. უბრალოდ მავნებლობენ.

 

  1. სააკაშვილმა საქართველოში ელიტური კორუფციააო და კიევის ელიტურ უბანში ელიტურ რეზიდენციაში 3 ოპოTV-სთვის სექტემბრის თვისთვის 5 მლნ დოლარის ოდენობით „ტრანშის“ გამოყოფას ხელი მოაწერა.

 

დაახლოებით ამდენი, ან ოდნავ ნაკლები უჯდებათ სამი ტელევიზიის თვიური ხარჯები.

 

  1. ახლა რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლის დღევანდელ ბრიფინგს. კარგი იქნება თუ დააკონკრეტებთ, ვენეციის კომისიის რომელი რეკომენდაცია არ გაითვალისწინეს. ისე, რეკომენდაცია რეკომენდაციაა და არა მოთხოვნა, თუმცა მაგ ბრიფინგს მაინც რომ მოაყოლონ განმარტებითი ბარათი, კარგი იქნება. იქნებ გასაკიცხია „ოცნება“ და დაგვეხმარეთ.

 

თუ „რეფორმების“ მიზანი იყო უზენაეს საბჭოში რომელიმე „ენჯეოს“ წარმომადგენლის ჩასმა, გეთქვათ პირდაპირ, ოღონდ ბრიფინგზე.

 

თუ პანდემიის გასამკლავებლად ხალხის დახმარება იყო, რატომ დაუკავშირეთ სასამართლო რეფორმას? ხალხი რა შუაშია? ეს ისე...

 

** ** **

 

მოკლედ, იმის ნაცვლად რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლების და ოპოზიციის პროგრამებზე ვმსჯელობდეთ, ამ აბდაუბდებს ვისმენთ.

 

თუ ვინმეს ჰგონია ასეთი გაკოტრებული და უშინაარსო ოპოზიციის პირობებში აქტიური ადამიანების სამიზნე მხოლოდ ხელისუფლება უნდა იყოს, გეშლებათ.

 

ამ წლებში არაერთხელ მაქვს დაწერილი, რომ ასეთი ჩამოშლილი და მხოლოდ დესტრუქციაზე ორიენტირებული ოპოზიცია საზიანოა საზოგადოებისთვის და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

 

ვინც ხვდებით და ამ საჭირბოროტო საკითხზე არ საუბრობთ, რა სარგებელი მოგაქვთ? მე ხომ არ ვამბობ, ხელისუფლება არ აკრიტიკოთ-მეთქი, მაგრამ პოლიტიკა, პოლიტიკური სისტემა ხომ მხოლოდ ხელისუფლებისგან ხომ არ შედგება? შეაფასეთ ოპოზიციაც და შემოულაწუნეთ. 2024-შიც ხომ ამ ან უფრო უარესი შედეგით მივალთ?!

 

„ოცნება“ ხელისუფლებაშია, კანონიერად. ეს აღიარებულია. ოპოზიციას მიხედეთ. მთლიანადაა სახლში გასაშვები, მთლიანად და სრულიად ახალი ხალხი უნდა შემოვიდეს“, - წერს ამირან სალუქვაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner