„თუ არ არის საჭირო სესხის აღება, რომელიც ჩვენ ბიუჯეტსა და მოსახლეობას დააწვება, ამ სესხს ჩვენ არ ავიღებთ. შარშან სხვა სიტუაცია იყო პანდემიიდან გამომდინარე და მათ შორის ბიუჯეტში შემოსავლებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა “ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„მე მგონი ჩვენ საკმარისად ავხსენით, თუ რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. პირველი, რაც მთავარია უნდა აღინიშნოს, რომ ეს სესხი, რომელზეც საუბარია, არის 2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ, მაშინდელი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გამოყოფილი თანხა, რომელსაც გარკვეული კრიტერიუმებიც მოჰყვება თან. გამომდინარე იქიდან, რომ წელს ბიუჯეტში ერთი მილიარდი ლარის ზრდა გვქონდა, ასეთი სესხის მეორე ნაწილის აღება საჭირო აღარ გახდა. საქართველოს ვალთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამაც გამოაცხადა, რომ აპირებს ამის შემცირებას. ასე რომ შეძლებისდაგვარად თუ არ არის საჭირო სესხის აღება, რომელიც ჩვენ ბიუჯეტსა და მოსახლეობას დააწვება, ამ სესხს ჩვენ არ ავიღებთ. შარშან სხვა სიტუაცია იყო პანდემიიდან და მათ შორის ბიუჯეტში შემოსავლებიდან გამომდინარე.
სამწუხაროდ, ამ სესხის საკითხს მოჰყვა სპეკულაციები ქვეყნის შიგნით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასრულებდა ან არ ასრულებდა საქართველო ამა თუ იმ პირობას. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ყველა პირობა შესრულებული იყო. ეს ხელშეკრულება საჯაროდაც ხელმისაწვდომია და შეუძლიათ ნახონ. პირობა შესრულებული იყო და არანაირი საფრთხე ამასთან დაკავშირებით არ არსებობდა. და საერთოდ აბსურდია ის, რომ ევროკავშირს შეეძლო პანდემიასთან დაკავშირებით გამოყოფილ სესხზე უარის თქმა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სწორედ ეს არის რუსული ნარატივი, რომ თითქოს ევროკავშირი უარს ეტყოდა საქართველოს ამ სესხის მეორე ნაწილის გადახდაზე. ეს არის სწორედ ანტიდასავლური ნარატივი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.