ინტერპოლმა თემურ ბასილია ძებნილთა სიიდან გასული წლის შემოდგომაზე ამოიღო. ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილის რეჟიმი ოპონენტებისა და არასასურველი პირების დევნის დროს იყენებდა არა მხოლოდ სამართალდამცავებსა და სასამართლო სისტემას, არამედ, სხვადასხვა საერთაშორისო ქსელებსაც, მათ შორის ინტერპოლს.
-ბატონო თემურ როდის მიიღეთ ოფიციალურად შეტყობინება ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, რომ თქვენზე ძებნა შეწყდა?
თემურ ბასილია: ცალკეულმა აჟიოტაჟის მოყვარულმა მედიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს სრულიად არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ინტერპოლის არხით ჩემი ძებნა შეწყდა რამდენიმე დღის წინ. სინამდვილეში, ეს ძებნა შეწყდა დაახლოებით ცხრა თვის წინ, გასული წლის შემოდგომაზე. სამწუხაროდ, სააკაშვილის რეჟიმი ოპონენტებისა და არასასურველი პირების დევნის დროს იყენებდა არა მხოლოდ სამართალდამცავებსა და სასამართლო სისტემას, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ქსელებსაც, მათ შორის ინტერპოლს.
არაერთი მაგალითია, როდესაც რეჟიმის მიერ პოლიტიკური მოტივით და სრულიად უსაფუძვლოდ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები მათთვის არასასურველ პირებზე და მათ დაუსწრებლად, უკანონოდ მიესაჯათ პატიმრობა და მათზე გამოაცხადეს ძებნა ინტერპოლის არხებით და რუსეთის ქსელით. ჩემს მიმართაც ზუსტად ეს გააკეთეს პირადად სააკაშვილის დავალებით. მოგეხსენებათ, რომ მან 2005 წლის 17 ივლისს მთავრობის სხდომაზე, რომელიც ბათუმში ჩატარდა, საჯაროდ გასცა დავალება ჩემი დაკავების შესახებ. მთავრობის ეს სხდომა გადაიცემოდა ტელევიზიის პირველი არხით და უამრავმა ადამიანმა ნახა და მოისმინა სააკაშვილის ეს დავალება.
-ბატონო თემურ, რის საფუძველზე შეწყდა თქვენზე საერთაშორისო ძებნა?
- ჩემზე ძებნის შეწყვეტის საფუძველი გახლავთ ის, რომ სააკაშვილის რეჟიმი ახორციელებდა ჩემ დევნას პოლიტიკური მოტივით. ინტერპოლის რეგულაციებში საკმაოდ მკაფიოდ წერია, რომ ინტერპოლი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური მოტივით ადამიანთა დევნის ინსტუმენტად. ჩემს შემთხვევაში ხდებოდა ზუსტად ეს. ის, რომ ჩემ მიმართ სააკაშვილის რეჟიმი ახორციელებდა პოლიტიკური მოტივით დევნას, დადასტურებულია აშშ-ის ხელისუფლების მიერ, რომელმაც მომანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.
-როდის მიმართეთ ინტერპოლს და რამდენ ხანში მიიღეთ პასუხი?
- 2011 წელს, როგორც კი აშშ-ის ხელისუფლებამ მომანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, მე და ჩემმა ამერიკელმა იურისტმა მივმართეთ ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს საფრანგეთში, რომ ჩემზე შეწყვეტილიყო ძებნა. მათთან გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია - მოითხოვეს დამატებითი დოკუმენტები, რაც მივაწოდეთ, ასევე ვაზუსტებდით ცალკეულ დეტალებს.
2012 წლის ბოლოს ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან მივიღეთ ოფიციალური წერილი, სადაც ეწერა, რომ პირის ძებნილად გამოცხადება და მისი ძებნილთა სიიდან ამოღება არის ქვეყნების კომპეტენცია და რომ მათ (ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს) არა აქვს ამის დამოუკიდებლად გაკეთების უფლება. ისინი აღნიშნავდნენ, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება წინააღმდეგია, რომ თქვენ ამოგიღოთ ძებნილთა სიიდან და ამიტომაც, თქვენი საკითხის დადებითად გადაწყვეტა ვერ მოხერხდა. ამავე დროს, მათ შემომთვაზეს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა ჩემ უსაფრთხო საერთაშორისო მოგზაურობას, რაზეც თანხმობა განვუცხადე.
გახსოვთ, ალბათ, შარშან სააკაშვილის რეჟიმის რამდენიმე წარმომადგენელზე (ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი) შეწყდა ინტერპოლის არხებით ძებნა. ამის შემდეგ განმეორებით მივმართეთ ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს და ამჯერად საკითხი დადებითად გადაწყდა. როგორ უკვე აღვნიშნე, გასული წლის შემოდგომაზე მივიღე ოფიციალური დადასტურება, მათ შორის საქართველოს პროკურატურიდანაც, რომ ჩემზე შეწყდა ინტერპოლის არხებით ძებნა.
-ეს ნიშნავს, რომ საზღვრის გადაკვეთის მომენტში თქვენი დაკავება არ მოხდება, მაგრამ ინტერპოლის გადაწყვეტილება ვრცელდება საქართველოზე?
- ინტერპოლის არხებით ძებნის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საერთაშორისო მოგზაურობა შემიძლია პრობლემის გარეშე და საზღვრების გადაკვეთის დროს არავინ გამაჩერებს და არავინ შემეკითხება, რატომ არს გამოცხადებული ძებნა. პრინციპში, უსაფრთხოდ მოგზაურობა ისედაც შემეძლო, მაგრამ ყოველთვის არსებობდა იმის ალბათობა, რომ საზღვრის გადაკვეთის დროს შეიძლებოდა მცირე დროით - სანამ საკითხს გაარკვევდნენ, დავეყოვნებინეთ. ახლა, ეს შესაძლო პრობლემა მოხსნილია. რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, აქ ჯერ კიდევ არსებობს ჩემ მიმართ სააკაშვილის რეჟიმის სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი. ამიტომ, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ხელისუფლება იძულებული იქნება, დამაკავოს.
-საქართველოს მთავრობა იყო საქმის კურსში, რომ თქვენ მიმართული გქონდათ ინტერპოლისთვის და რა რექცია იყო საქართველოს მთავრობოსგან?
- ის, რომ მე მივმართე ინტერპოლის ცენტრალურ ოფისს, საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა თავად ინტერპოლისგან. სააკაშვილის რეჟიმის დროს, იმდროინდელი ხელისუფლება წინააღმდეგი იყო, რომ ჩემზე შეწყვეტილიყო ძებნა მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ მომანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი. აშკარაა, რომ სააკაშვილის რეჟიმი არღვევდა ინტერპოლის რეგულაციებს და არ აძლევდა უფლებას ინტერპოლის ადგილობრივ, საქართველოს ოფისს, რომ ჩემზე შეწყვეტილიყო ძებნა.
რაც შეეხება ინტერპოლისადმი ჩემს განმეორებით მიმართვას - ეს უკვე, ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდში მოხდა - როგორც ვიცი, შედგა მათი კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. რაც შეეხება საქართველოს მთვრობის რეაქციას, ეს ნათლად ჩანს მიღებული გადაწყვეტილებით - როდესაც ჩემზე შეწყდა დევნა - ხელისუფლებამ შეასრულა საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებს, რომ არ შეიძლება ინტერპოლის არხები გამოყენებული იყოს პოლიტიკური მოტივით დევნილთა მიმართ.
-აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას?
- ამჟამად აღარ ვარ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ინტერპოლის არხებით ძებნილი, თუმცა, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს ჩემ მიმართ სააკაშვილის რეჟიმის სასამართლოს უკანონო განაჩენი. როგორც კი ეს უკანონო განაჩენი გადაიხედება, რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას. საქართველო ჩემი სამშობლოა! ჩემი ხელმძღვანელობით მოხდა ფულის რეფორმა საქართველოში, როდესაც შემოვიღეთ ქართული ლარი, დავძლიეთ 13000%-იანი ჰიპერინფლაცია, დავიწყეთ ეკონომიკური რეფორმები, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მე გახლდით ბაქო-სუფსის ნავთობსადენის პროექტზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და კიდევ ბევრი რამ.
-რა ეტაპზეა საქართველოში თქვენს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე?
- ოფიციალურად მივმართე საქართველოს პროკურატურას, რომ ჩაეტარებინათ ჩემი საქმის ხელახალი გამოძიება. როგორც ვიცი, პროკურატურას დაწყებული აქვს ჩემი საქმის შესწავლა და ველოდები მათ შეფასებას. ამ თემაზე უფრო დეტალური საუბარი შეუძლია ჩემს ადვოკატს საქართველოში ბატონ არჩილ კაიკაციშვილს. ის გახლავთ ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი პიროვნება და კარგი იურისტი.