საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „თალიბანთან“ ითანამშრომლებს, თუმცა ეს „თალიბანის“ ავღანეთის ახალ მთავრობად აღიარებას არ ნიშნავს.
„ავღანეთის მოსახლეობის მხარდასაჭერად, ჩვენ მოგვიწევს ავღანეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთობა, რაც არ ნიშნავს აღიარებას. ეს ოპერატიული ჩართულობაა“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
მისი თქმით, ეს ჩართულობა გაიზრდება ავღანეთის ახალი მთავრობის ქმედებების მიხედვით, როგორიცაა ის, რომ ავღანეთი არ უნდა გახდეს სხვა ქვეყნებში ტერორიზმის ექსპორტის პლაცდარმი და ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს.
„თალიბანი“ ავღანეთის ახალი მთავრობის შემადგენლობას დღეს გამოაცხადებს.
Reuters-ის ინფორმაციით, „თალიბანის“ თანადამფუძნებელი და პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელი, მოლა ბარადარი ავღანეთის ახალ მთავრობას უხელმძღვანელებს.