logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი
- +

3 სექტემბერი. 2021. 16:22

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, შიდა ქართლში, აჭარაში, სვანეთსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და 6 პირი დააკავეს.

 

დაკავებულები არიან: 1981 წელს დაბადებული ა.ხ., 1981 წელს დაბადებული ჯ.ლ., 1989 წელს დაბადებული გ.დ., 1973 წელს დაბადებული თ. ც., 1988 წელს დაბადებული ნ.გ. და 1970 წელს დაბადებული გ.ჯ.

 

მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ჯ.ლ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, აღნიშნული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „გლოკ 43“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 11 საბრძოლო ვაზნა და 2 მჭიდი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.ხ.-მ „გლოკ 43“-ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 11 საბრძოლო ვაზნა მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა თავის ნაცნობ ჯ.ლ.-ზე, ამ უკანასკნელმა კი ცეცხლსასროლი იარაღი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეიძინა.

 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებული გ.დ.-ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, კუსტარულად გადაჭრილი თოფი და 12 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 75 საბრძოლო ვაზნა.

 

მესტიის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ბრალდებული თ.ც.-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს "აკ-74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებული ნ.გ.-ის ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს „ჩეზეს“ ფირმის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გ.ჯ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 15 ვაზნა და 1 მჭიდი ამოიღეს.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, უკანონო გასაღებისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner