რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ სააკაშვილის მმართველობაზე გადაღებულ 24-სერიან ფილმზე მუშაობა დაასრულა.
ფილმის სატელევიზიო ჩვენება სექტემბერში ან აგვისტოს ბოლოს დაიწყება. ფილმის სათაური შეცვლილია და ერქმევა - „ჰეროკრატია", მთავარ გმირს, პრეზიდენტს - ჰერო.
რეჟისორის თქმით, ფილმში არც ერთი პოლიტიკოსი პერსონაჟი თავიდან ბოლომდე იდენტიფიცირებული არ იქნება, თუმცა მათი ამოცნობა მაყურებელს შეეძლება.
იქნება მძიმედ საყურებელი ნაწილიც, სასამართლო პროცესები, წამებაც, სისასტიკეც და ასევე - კომიკური ნაწილიც. ფილმი ღამის 11 საათის შემდეგ გავა, გრიფით „+18". თითო სერია 40-წუთიანი იქნება.
პირველი კადრი გლდანის ციხიდან დაიწყება. შემდეგი არის სასამართლო პროცესი. მთელ ფილმს, დასაწყისიდან ბოლომდე, სხვადასხვა საქმეების განხილვა გასდევს. არის დაკითხვა, გამოძება, ჩვენებები კადრებით. პარალელურად მიდის ციხის ამბები და პოლიტიკური ელიტის ყოფა-ცხოვრება.
„იმ მსხვერპლთა ვინაობა, ვინც ცოცხლები ვერ გადარჩნენ, იქნება ის, რაც რეალობაში იყო. მაგალითად, თეთრაძის გვარი არ შეგვიცვლია. ვინც ცოცხლები არიან, მათი გვარები შევცვალეთ.
ასევე დასახელებული არ არის მოძალადეების რეალური ვინაობა. ყველას ვერ გამოვაჩენდით და კრებით სახეებად გავაერთიანეთ. ძალადობის სიმბოლოები ჩამოყალიბდა და ვინ ვის ამოიცნობს ამ პერსონაჟებში, ეს მაყურებლისთვის მიგვინდვია. მოქმედებით მათი ამოცნობა შეიძლება.
ფილმს საფუძვლად კონკრეტული, რეალური საქმეები უდევს, რომლებიც სასამართლოზე განიხილება და ფილმშიც სასამართლო პროცესები მიდის.
ფილმი თავიდანვე 24 სერიად იყო განსაზღვრული, თუმცა სცენარი უფრო დიდია და არ ვიცი, ზუსტად როგორ იქნება. ჩვენ გეზი 24 სერიაზე გვქონდა აღებული და ის პრაქტიკულად თითქმის გადაღებულია.
სხვადასხვა სერიაში ეპიზოდები აკლია. რამდენიმე ისტორია, რომელიც დაგეგმილი იყო, ფილმში ვერ შევიდა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, იმიტომ, რომ მოცულობა გაიზარდა.
ერთია დაწერილი სცენარი და მეორეა ვიზუალურ სივრცეში გადატანილი, განხორციელებული პროექტი. 24 სერია გვექნება იმ დროისთვის, როდესაც სერიალი ეთერში გავა, ეს იქნება აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის პირველ რიცხვებში", - ამბობს გოგა ხაინდრავა.