logo_geo
eng_logo
ლაგოდეხის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზურა ჯაფარიძე საკუთარ კანდიდატურას ხსნის
- +

4 სექტემბერი. 2021. 00:39

 

  

ლაგოდეხის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზურა ჯაფარიძე არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და საკუთარ კანდიდატურას ხსნის.

 

როგორც ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, მისთვის, როგორც მერობის დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკურ პარტიებთან აფილირება და იმის დემონსტრირება, თითქოს ის ფარულად წარმოადგენს რომელიმე პარტიას.

 

„ძვირფასო ლაგოდეხელებო! ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ 2021 წლის 16 აგვისტოს მე მივიღე უაღრესად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიმეღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და დავრეგისტრირებულიყავი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად. ეს გადაწყვეტილება მივიღე არა სპონტანურად და ნაჩქარევად, არამედ კარგად დაფიქრებისა და საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთის შედეგად, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგს: მუნიციპალიტეტს აუცილებლად ჰყოლოდა ხალხის მიერ არჩეული მერი, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი იქნებოდა ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიისაგან და რომელიც პირდაპირ ანგარიშვალდებული იქნებოდა სწორედ მოსახლეობასთან, რაც ჩემი ღრმა რწმენით რეალური თვითმმართველობის მყარი ფუნდამენტია. ამ მიზნის გარშემო მოხდა არც თუ მცირე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების გაერთიანება, რომელიც ეფუძნებოდა მყარ ერთობასა და მჭიდრო კოორდინაციას.

 

ჩემდა სამწუხაროდ მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ჩემი მხრიდან თავდაუზოგავი ბრძოლისა და ყველა პირობის ზედმიწევნით დაცვისა, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან დაირღვა სწორედ ზემო ხსენებული ერთობა და კოორდინაციისათვის აუცილებელი ელემენტარული პირობები. ვინც მე მიცნობს, კარგად იცის და ვინც არ მიცნობთ, მერწმუნეთ, რომ სადაც ირღვევა ერთობა, სადაც ნათქვამი სიტყვა კარგავს ფასს და სადაც დადებული შეთანხმებები არ სრულდება, იქ ჩემი ადგილი არ არის. ამასთან ერთად ჩემთვის, როგორც მერობის დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკურ პარტიებთან აფილირება და იმის დემონსტრირება, თითქოს მე ფარულად წარმოვადგენ რომელიმე პარტიას. სწორედ ამიტომ მე მივიღე ჩემთვის მძიმე, თუმცა ამ მომენტისათვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მოვხსნა ჩემი კანდიდატურა.

 

აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ჩემი შეგნებული ცხოვრების ყველა ეტაპზე გადაწყვეტილებებს ყოველთვის ვიღებდი და მომავალშიც მივიღებ სრულიად დამოუკიდებლად. ობიექტურობისთვის მინდა გითხრათ, რომ მთელ ამ პროცესებში ჩემს მიმართ არანაირი სახის ზეწოლის, დაშინების ან მუქარის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტიც, ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის, უაღრესად შეურაცხმყოფელი იქნებოდა მსგავსი ქმედებები და მინდა დაგარწმუნოთ, რომ არც ერთ შემთხვევაში ასეთ ფაქტებს რეაგირების გარეშე არ დავტოვებდი.

 

და ბოლოს, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, ნუ დავიწყებთ არარსებული და გამოგონილი მიზეზების ძებნას, თავი შევიკავოთ ახლაც და ზოგადადაც ირონიული და შეურაცხმყოფელი კომენტარებისა და სტატუსებისაგან, ვინაიდან ამ ყველაფერს კარგად ხედავენ და ხშირ შემთხვევაში გულის ტკივილით კითხულობენ ჩვენი შვილები, ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები.

 

მადლობას ვუხდი ჩემს მხარდამჭერებს, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უანგაროდ გამოხატავდა თანადგომას ჩემს მიმართ. მე, როგორც რიგითი ლაგოდეხელი და საქართველოს რიგითი მოქალაქე, ვრჩები ჩვენი ქალაქის, ჩვენი რაიონის და ჩვენი ქვეყნის სამსახურში. ამ მძიმე პერიოდში გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ღირსეულ არჩევნებს“, - წერს ზურა ჯაფარიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner