„ყოველი ადამიანი უნდა ეძებდეს გაჭირვებულ ადამიანს", - ამის შესახებ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაზე ილია მეორემ ბრძანა. უწმინდესმა გაჭირვებული ადამიანებისთვის სახლის შესაძენად მრევლს ფულის შეგროვება დაავალა.
„ჩვენი შვილები უნდა გავზაროდოთ მოწყალების სულისკვეთებით. მე მაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მრევლმა ვიყიდოთ სახლი და ეს სახლი გაჭირვებული ადამიანებისთვის მოვაწყოთ თავშესაფრად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს მწერლებს, მხატვრებს, ხელოვნების მუშაკებს, რომელთაც არ შეუძლიათ თხოვნა და არ შეუძლიათ ვაჭრობა. მათ უნდა დავეხმაროთ და უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გამოვიდნენ სტრესისგან. თქვენ ყველას გევალებათ, შევაგროვოთ ფული, ვიყიდოთ ასეთი სახლი, სადაც მივიღებთ გაჭირვებულ ადამიანებს", - მიმართა მრევლს პატრიარქმა.
მისივე თქმით, როცა ადამიანი დახმარებას გასცემს გაჭირვებულზე, დახმარების გამცემი უფრო ხარობს, ვიდრე ვინც მიიღო დახმარება. „ის, რაც გაეცი, შენია და დაგხვდება, ის გაცხონებს და ის დაგეხმარება. შენი მოწყალება, როგორც ანთებული სანთელი, გაგიძღვება წინ და მიგიყვანს სასუფეველში. მრავალი ადამიანი მინახავს, რომელიც მოწყალებას აძლევდა და ბედნიერად დამთავრდა მათი ცხოვრება", - ბრძანა პატრიარქმა.