„ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი აცხადებს, რომ მთავრობა მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, შრი-ლანკაში დაებრუნებინა პირი, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, დანით შეიარაღებულმა, ოკლენდში მდებარე სუპერმარკეტში, 7 ადამიანი დაჭრა“, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
ტამილი მუსლიმი ქვეყანაში 10 წლის წინ, სტუდენტური ვიზით ჩავიდა და ლტოლვილის სტატუსის მიღებას ცდილობდა, რომელიც 2013 წელს მიენიჭა კიდეც. აჰმედ აჰილ მუჰამედ სამსუდინი ახლა 32 წლისაა.
ის ახალი ზელანდიის პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ყურადღების ცენტრში 2016 წელს, მას შემდეგ მოექცა, რაც Facebook-ზე დაუფარავად დაიწყო ტერორისტული თავდასხმებისადმი მოწონების გამოხატვა.
შემდგომმა გამოძიებამ ცხადყო, რომ მან ლტოლვილის სტატუსი თაღლითური გზით მოიპოვა და ოფიციალურმა უწყებებმა დაიწყეს მისი ქვეყანაში დარჩენის უფლების გაუქმებაზე მუშაობა.
ირკვევა, რომ 2017 წელს ის ოკლენდის აეროპორტშიც დააკავეს მას შემდეგ, რაც გაჩნდა ეჭვი, რომ კაცი სირიაში გამგზავრებას გეგმავდა. ამას მისი სახლის ჩხრეკაც მოჰყვა, სადაც დიდი სანადირო დანა და დაჯგუფება ISIS-ის პროპაგანდისტული მასალა იპოვეს.
2019 წელს ახალი ზელანდიის მთავრობამ დეპორტაციის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა, თუმცა, კაცმა ეს ცნობა გაასაჩივრა და სასამართლოში განაცხადა, რომ, შრი-ლანკაში დაბრუნების შემთხვევაში, „დაპატიმრება, არასათანადოდ, ცუდად მოპყრობა და წამება“ ელოდა. პროცესის გაჭიანურების დროს კი, მისი დეპორტაცია შეუძლებელი იყო.
სუპერმარკეტში მოხდარს მთავრობა ტერაქტად აფასებს.