logo_geo
eng_logo
რომან რურუა: მინდა, ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში!
- +

25 ივლისი. 2016. 13:16


წარსულის ანალიზის გარეშე წარსულში ჩავრჩებით", - ამის შესახებ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა ღია წერილში აღნიშნავს. რომან რურუა პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ხალხში გავიდნენ და მათი აზრი მოისმინონ. „ხალხში დიდი სიმართლეცაა, დიდი იმედგაცრუებაც და, რაც ყველაზე ცუდია, უიმედობაც. ვერც ბელადებმა გვიშველეს და ვერც ფულმა. გადარჩენა განათლებაშია, პატიოსან ადამიანებშია", - წერს რომან რურუა.


 

„ოთახის კანონები" ბუნების კანონების წინააღმდეგ.

 

წარსულის ანალიზის გარეშე წარსულში ჩავრჩებით.

 

იქნებ დღეს  ჩვენ სწორედ ეს გვჭირს.

 

შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა, ვინც ნოვატორობს და რეფორმატორობს წარსულის ლანძღვით, ყველაფერს სათავისოდ ირგებს, საქვეყნო ანალიზის თავი არ აქვს, მომავალს ვერ ხედავს და წარსულშია თვითონ. ასეთთა უმრავლესობა გარბის პარლამენტისკენ.


ჩემი დაკვირვება და  გამოცდილება მარწმუნებს: დიდი სიფრთხილით შევხედოთ ყველას, ვინც პარლამენტში შესვლისათვის თავს იკლავს, ფულს ხარჯავს და  ამავე  დროს, შევეხვეწოთ,  სწორედ რომ  შევეხვეწოთ,  პარლამენტზე  იფიქროს  ყველა იმ ადამიანმა,  ვინც მართლა რომ ჰაერივით სჭირდება  უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ჩვენს სამშობლოს.


„შეფუთული", „გალამაზებული", თვითმარქვია პოლიტიკოსები კი არა, მაღალი რეპუტაციის (!) პროფესიონალები, ცხოვრებით გამოცდილები... ადამიანები, რომლებსაც ქართული სული აქვთ, მაგრამ ესმით მსოფლიოს სუნთქვაც - ეს სჭირდება დღეს  საქართველოს.

 

როგორ მოვძებნოთ?

 

ჩემი რჩევა მარტივია: გადით ხალხში,  გაიგეთ ხალხის აზრი! ხალხში დიდი სიმართლეცაა, დიდი იმედგაცრუებაც და, რაც ყველაზე ცუდია, უიმედობაც. ვერც ბელადებმა გვიშველეს და ვერც ფულმა. გადარჩენა განათლებაშია, პატიოსან ადამიანებშია.  

 

გულს მიკლავს, რომ უამრავი ჩვენში, მათ შორის, ისინიც, რომელთა მიმართაც კეთილი განწყობის მეტი არაფერი მაქვს, დღესაც მაღალ სახელისუფლებო  ეშელონებში რომ  არიან, ფიქრობენ პარტიის და არა ქვეყნის  გადარჩენაზე. ფიქრობენ მეგობრების, საკუთარი სტატუსისა და სკამის და არა ქვეყნის გადარჩენაზე. დამწვარა  ყველა  სკამიც და რა ჯანდაბად გვინდა პარტიები,  ასეთი მეგობრობა, თუ ხალხი და ქვეყანა ამ მდგომარეობაში იქნება?!  

 

ქვეყანა უახლოვდება ძალიან მნიშვნელოვან მიჯნას, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მომავალს უახლოესი ოთხი წლის (და არა მარტო) მანძილზე. მე თუ დამეჯერება, ვიტყვი: როგორც არასდროს, ისეთია  ამ არჩევნებში ჩვენი  - ხალხის პასუხისმგებლობა, თითოეული ამომრჩევლის პასუხისმგებლობა. მომავლის პარლამენტში ჩვენ, ხალხმა უნდა ავირჩიოთ ის, ვინც კარგად იცის ორი რამ მაინც: ბუნების კანონები და ... დაგროვილი ნაგვის (მე მას პოლიტიკურ ნაგავს ვუწოდებდი, რომლითაც გაივსო საზოგადოებრივი ცხოვრება) გადამუშავება.


პირველი საჭიროა იმისათვის,რომ სახელმწიფო მართვის პოლიტიკა მთლიანად ეყრდნობოდეს ქართველი ხალხის ბუნებას და თავისუფალი იყოს თავსმოხვეული უცხო იდეოლოგიებისაგან, ანუ ის, რაც ასე შეკრებილად დაგვიტოვა ერის მამამ, ილია ჭავჭავაძემ „საერთო ნიადაგის თეორიის" სახით.


ხოლო მეორე - რათა ყველა დონეზე ბლომად დაგროვილი ნაგავი გადამუშავდეს, მხოლოდ დიდი სიფრთხილით და ყურადღებით, რადგან ყველა ნაგავშია ბაჯაღლო ოქროც და ყველა ნაგვის გამოყენება შეიძლება სათანადო ოპერაციების შემდეგ. შემაძრწუნებელია, რომ პარტიათა უმრავლესობა მის გარდა ყველა სხვას „ნაგვად" მიიჩნევს.


მე კი ასე ვფიქრობ: ყველაზე დიდი ნაგავი თვითკმაყოფილებაა. ყოველი ხელისუფლება, პარტია თუ პოლიტიკოსი, იმ ზომითაა ნაგავში, რა ზომითაც თვითკმაყოფილია. ხალხი მართლაც შეძრწუნებულია ყველა დონეზე გამეფებული თვითკმაყოფილებით.


ქვეყნისათვის უკადრებელი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ბუნების კანონებისადმი მორჩილებაშია. სწორედ ბუნების კანონები გამოარჩევენ კარგს ცუდისაგან. ჩვენ კი, 25 წელიწადია, ვცხოვრობთ „ოთახის კანონებით", სწორედ რომ ვცხოვრობთ - „ოთახის კანონებით" და სახელმწიფოც იმართება „ოთახის კანონებით", როცა ძლიერნი ამა ქვეყნისანი კანონებს ირგებენ თავის თავზე. კანონი, როგორც ასეთი, უნდა მოარგო ერის ხასიათს და ქვეყნის საჭიროებას. ბუნების სამართალი და კანონი მანამდე არსებობდა, სანამ სახელმწიფოები წარმოიშობოდა. ის უტყუარია და მას მუდამ ექნება უპირატესს უფლება, ვიდრე ოთახში დაწერილ და მავანთა ინტერესებს მორგებულ კანონს.  საქართველოში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ბუნებრივი კანონზომიერების გააზრება არ ხელეწიფება. შესაბამისად, ისინი საკუთარ ქვეყანაში უცხო სისტემაში (აშშ, ევროპა) მოქმედი კანონების პლაგიატს ნერგავენ. ლოგიკა კი მარტივია: სახელმწიფო, რომელიც ცხოვრობს  ბუნების კანონებით - აღწევს ყველაზე მაღალი გვარის დემოკრატიას.


კუჭის პრობლემა ვერ გადაწყდა გონიერებით, როგორც ხშირად ვამბობთ, ტვინით გატენილი ადამიანების და ღვთითბოძებული წალკოტის ქვეყანაში. მსოფლიომ იცის ყინულოვანი, უმიწო და უწყლო ქვეყნები, როგორ აქციეს წალკოტად ხელისუფლებებმა მეცნიერებაზე, ნიჭიერ ხალხზე დაყრდნობით, საქმიანი ადამიანებისადმი მხარდაჭერით და ქვეყნის სიყვარულით. ჩვენი პოლიტიკით წალკოტი უდაბნო ხდება. საკუთარი უმეცრობით დაჩაჩანაკებულია ადგილობრივი თვითმმართველობა.  არ შეიძლება, დანაშაულია ამ ქვეყანაში ამდენ გონიერ და საქმის გამკეთებელ ადამიანს ხელისუფალთაგან მისჯილი ჰქონდეს უსაქმურობა და ტანჯვაში ცხოვრობდეს!

 

ვის მოსწონს და ვის - არა, ეს მძიმე რეალობაა!

 

გული მწყდება, რომ ჩვენი სულიერი მამის, ილია მეორის, ცნობილი მეცნიერების, მოღვაწეების  პრესაში გამოქვეყნებული   უამრავი კეთილი რჩევა დარჩა ყურადღების გარეშე.

 

უკადრებელი გვაკადრეს, გვეუბნებიან:  რაც გინდა, წერეთ და იკითხეთო, არავის აზრი არ გვაინტერესებს, ჩვენ ყველაფრისმცოდნენი ვართ და რაც საჭიროა, ქვეყნისთვის, ვაკეთებთო.


რა არის ეს, თუ არა მართვის პრობლემები, პირდაპირ ვთქვათ - უმართაობა და უპასუხისმგებლობა?! ხელისუფლებები იცვლებიან, ხალხი კი უარესად ღატაკდება. პასუხი დღემდე არავის უგია.  

 

ქვეყანაში უმართაობა სწორი მართვით რომ შეიცვალოს- თანამდებობებზე  პროფესიონალები და ცხოვრებით გამოცდილები უნდა მოვიდნენ.

 

ჩვენს თვალწინ დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება ეთამაშებოდა ახალგაზრდობას, პირდაპირ ვთქვათ, სპეკულირებდა მათი ასაკით, მიზანშეწონილზე 10-15 წლით ადრე ნიშნავდა თანამდებობაზე, შეჰყავდა საარჩევნო სიებში და უპირისპირებდა უფროს თაობას.

 

დაგვანგრია ამ მზაკვრობამ. ბევრი ახალგაზრდა დაგვაკარგვინა და უფროს თაობასთანაც პრობლემები შეიქმნა. საშუალო  თაობის თავზე წისქვილის ქვა ტრიალებს. ქვეყანაში ტოტალური „ხიდჩატეხილობაა", ბატონებო! აზრი დაკარგა საკუთარ ქვეყანაში განათლების მიღებამ, აზრს კარგავს ეროვნული სულის პარტიებიც, არასამთავრობოებიც, პრესაც, ტელევიზიაც... გაბატონდნენ უცხოეთიდან ფინანსირებადნი და მხარდაჭერილნი.


ხალხი გაოგნებულია საზოგადო მოღვაწეების, ინტელიგენციის, მიჭირს თქმა, სახელმწიფო კაცების  დუმილით. „გაიყიდეთო," - გვეუბნებიან, მთავრობებზე, პოლიტიკოსებზე, პოლიტიკურ პარტიებზე, ფულიანებზე გაიყიდეთო!

 

 ხალხს არც გაყიდულის სჯერა და არც მყიდველის. ორთავე საქართველოს, ქართულ სულს ებრძვის!

 

როგორც ბევრი სხვა, მე არც გავყიდულვარ და ვერც ვერავინ მიყიდის, მაგრამ რეალობას თვალს ვუსწორებ - ხალხი მართალია. მას სწორგზაზე დაყენება უნდა და მას კარგი მმართველი სჭირდება!

 

მსოფლიო ამაყობდა და ამაყობს ქართული კულტურით, ქართველი მეცნიერებით, ხელოვნების და კულტურის მოღვაწეებით,  პოლიტიკოსებით, მხედართმთავრებით, მასწავლებლებით, ექიმებით, სპორტსმენებით. ეს ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრეა. დღეს ხალხს ვჭირდებით, ბატონებო, ხალხს და დავდგეთ ხალხთან!

 

მადლობა ჩემს მეგობრებს,   ყველას, ვისაც შევხვდი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, „ქართული ერთობის დარბაზს", კეთილი რჩევაც ბევრი მომცეს და მხარიც დაგვიჭირეს. 

 

ჩვენ ამ საკითხებზე არაერთგზის გვისაუბრია.  ეჭვი არც იმაში მეპარება, რომ უამრავი ფიქრობს ასე. უფრო მეტიც, მე ვთქვი ის, რაზეც  საუბრობს საზოგადოება. ვთქვი იმიტომ, რომ  მოქმედებაა  საჭირო  და ამას ვეუბნები არა სხვას, არამედ საკუთარ თავს. რადგან ვიცი,  ყველაზე დიდი გამარჯვება, საკუთარ თავზე  გამარჯვებაა.

 

თითქოს მარტო ვიდექი მსოფლიო ტიტანების წინ საჭიდაო ხალიჩაზე, მაგრამ მოწინააღმდეგის კარგად შესწავლა და ქართული სული მამარჯვებინებდა. დაუმარცხებლად დავტოვე საჭიდაო ხალიჩა. წარმატებული ადამიანი ვარ ცხოვრებაშიც, მაგრამ დღევანდელობით მოსვენება მაქვს დაკარგული...ერთეულთა წარმატება ტაძრამდე მისასვლელი გზა არ არის. მინდა ვიცხოვრო ზნეობით, ინტელექტით, ბედნიერებით სავსე სამშობლოში! ამას იმსახურებს  მრავალნატანჯი საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა.

 

ეს არ არის ძნელი:

  • ღირსება ხალხში
  • პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში
  • ღირსეულის დაფასების პოლიტიკა ქვეყანაში
  • ხალხსა და ქვეყანაში იმის გაცნობიერება, რომ ხელისუფლება ხალხის მსახურია და არა უფროსი.
  • ხალხსა და ქვეყანაში იმ რწმენის გაძლიერება, რომ სამშობლოს გადარჩენა ჩვენშია - ქვეყანაშია, გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა მხსნელები და პატრონები.

ასეთი დიდი ქართული მიზნისთვის ღირს ცხოვრებაც და თავგანწირვაც.

 

 სწორედ ამიტომ ვამბობ: დიდი ქართული ერთობით გაიმარჯვებს ჩვენი სამშობლო და თითოეული ჩვენგანიც", - აღნიშნავს რომან რურუა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner