logo_geo
eng_logo
ნინო ცხვარაძე: ვიყო იმ ქალაქის საკრებულოს წევრი, სადაც ჩემი შვილები იზრდებიან, ეს ბევრ რამეს მაკისრებს
- +

7 სექტემბერი. 2021. 14:45

 

 

 

ნინო ცხვარაძეს ბათუმელები (არა მარტო) კარგად იცნობენ, როგორც პროფესიონალ ჟურნალისტს, რომელიც ამ სფეროში 22 წელია ნაყოფიერად მოღვაწეობს. სხვა დადებით თვისებებთან ერთად, ის გამორჩეულია ადამიანებთან უშუალო ურთიერთობის უნარით, რაც სწორედ ჟურნალისტის და ასევე, პოლიტიკოსის მახასიათებელი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ეს თვისებები დაინახეს მმართველი პარტიის ადგილობრივმა ლიდერებმა, რადგან ქალბატონი ნინო თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებში ბათუმის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიითაა წარდგენილი. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით, ნინო ხომ ჩვენი გაზეთის ღირსეული წარმომადგენელი იყო ორ ათეულ წელზე მეტია.

 

– თქვენ წარმატებული ჟურნალისტი იყავით, რატომ გადაწყვიტეთ მოღვაწეობის სფეროს შეცვლა?

 

– წარმატებული ჟურნალისტი ვიყავი თუ არა, ეს მკითხველის შესაფასებელია, თუმცა 22 წელი გაზეთ „აჭარაში“ ვიმუშავე. ეს იყო ყველაზე გამორჩეული წლები ჩემს ცხოვრებაში. პროფესიონალების და ნაღდი ბათუმელების გვერდით გავიზარდე. გაზეთმა მომცა უდიდესი გამოცდილება და შესაძლებლობა, მეკეთებინა ის საქმე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. იცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკურ მოვლენებს ვაშუქებდი. როგორც ჟურნალისტი არ ვყოფილვარ ტენდენციური. ერთნაირად მიმქონდა გაზეთის მკითხველამდე პოზიციის და ოპოზიციის სათქმელი. ამდენად, პოლიტიკა ჩემთვის უცხო არ არის. თუ აქამდე მოსახლეობის პრობლემებზე გაზეთის საშუალებით ვსაუბრობდი, ჩვენი გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, რაშიც დარწმუნებული ვარ, უკვე პირდაპირ ვილაპარაკებ იმ ორგანოში, სადაც ჩენი ქალაქის უკეთეს მომავალზე არიან ორიენტირებულები. გუნდი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა მოსახლეობას, პროფესიონალი, ღირსეული და წარმატებული ბათუმელებისგან შედგება. ჩემთვის საპასუხისმგებლოა, ქალაქის მერობის კანდიდატის და ამჟამად მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანის თანაგუნდელი მერქვას. ბათუმელები ხედავენ, რომ პანდემიის მიუხედავად ქალაქში არ გაჩერებულა არცერთი პროექტი, უფრო მეტიც, დაიგეგმა ახალი პროექტები, გაიზარდა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, სადაც გათვალისწინებულია ყველა ის პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტის დაგეგმვაში თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, მოქალაქეებმა არ უნდა იფიქრონ, რომ მათ მოსაზრებებს არ გაითვალისწინებენ. არჩილ ჩიქოვანის საარჩევნო სლოგანია – „უკეთესი ბათუმისთვის!“ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი ქალაქი იყოს უკეთესი. არჩილ ჩიქოვანი თავის გუნდთან ერთად ამას შეძლებს!

 

– უმთავრესად რამ გადაგაწყვეტინათ მმართველი პარტიის წარმომადგენლობა ბათუმის საკრებულოში?

 

ძალას, ენერგიას, ცოდნას და გამოცდილებას არ დავზოგავ და დავიხარჯები ბოლომდე. სხვანაირად არც შეიძლება, რადგან, ვიყო იმ ქალაქის საკრებულოს წევრი, სადაც ჩემი შვილები იზრდებიან, ეს ბევრ რამეს მაკისრებს.

 

როგორც ჟურნალისტს, კარგად მოგეხსენებათ, რომ ყველა პარტია საარჩევნოდ დაპირებას უხვად იძლევა, მმართველი პარტია რას სთავაზობს ამომრჩევლებს და რამდენად განხორციელებადია მისი დაპირებები?

 

მმართველი პარტია უსაფუძვლო დაპირებებს არ გასცემს. „ქართული ოცნების“ გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს უკეთესი.

 

– თავად რას ჰპირდებით მოსახლეობას და ამომრჩეველი რა პრობლემების მოგვარებას ითხოვს?

 

მოსახლეობას ვპირდები, რომ მათთან მექნება მუდმივი კომუნიკაცია. რაც შეეხება პრობლემებს, არ ვიტყვი რომ ისინი არ არის, თუმცა ინფრასტრუქტურული სამუშაოები განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ერთი ხელის მოსმით ყველა პრობლემა ვერ გადაიჭრება. ყველამ უნდა გავითავისოთ ეს. ოჯახშიც ბევრი პრობლემა შეიძლება გვქონდეს, მაგრამ პრიორიტეტების მიხედვით ვგეგმავთ ხვალინდელ დღეს.

 

– როგორც მოგეხსენებათ, ოპოზიციის მთავარი დანიშნულება ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი და ობიექტური კრიტიკაა, ამ მხრივ ოპოზიციური პარტიების კრიტიკა რამდენად საფუძვლიანია თუნდაც ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით?

 

სამწუხაროდ, ოპოზიცია ჯანსაღი კრიტიკით არ არის დაკავებული. მოსახლეობას არ უნდა ესაუბრო სიძულვილის ენით, ოპონენტები არ უნდა ლანძღო, მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია არ უნდა მიაწოდო. პოლიტიკაში ყველაფერი გამართლებული არაა. . . ოპოზიციას უნდა შეეძლოს იმ პროექტების აღიარება, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არამარტო ჩვენს რეგიონში. ფაქტია, რომ დღეს ბათუმს თანამედროვე სტანდარტების სტადიონი აქვს, აშენდა განათლების ქალაქი, სულ მალე „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ საკუთარი ჭერი ექნებათ, გვაქვს ელექტროავტობუსებით სარგებლობის შესაძლებლობა, ნაგავსაყრელი აღარ იქნება ქალაქის ტერიტორიაზე, კეთილეწყობა გზები და კიდევ ბევრის თქმა შეიძლება. ამ ყველაფერს რომ არ ხედავ და სიცრუის ტირაჟირებით ხარ დაკავებული, რბილად რომ ვთქვა, უხერხულია. საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, რომ 22 წელია ჟურნალისტად ვმუშაობ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება რომ არის, ეს არახალია. არის გამოწვევები, პრობლემები, რაც ხელისუფლებამ კარგად იცის და არ გაურბის.

 

– თქვენ არაერთი ინტერვიუ აგიღიათ რესპონდენტებისგან, ანალიტიკური წერილები დაგიწერიათ, თქვენი აზრით, რა თვისებებს უნდა ფლობდეს დეპუტატი, პოლიტიკოსი?

 

უნდა იყოს უშუალო და კომუნიკაბელური.

 

– 21-ე საუკუნე ქალთა აქტიურობით გამოირჩევა, რას იტყვით მათ როლზე ქვეყნის განვითარებაში?

 

თუ ქალს გაქვს შესაძლებლობა, იყო რეალიზებული, რატომაც არა. ბევრს საუბრობენ გენდერზე, მაგრამ, საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, იმას, რომ ქალი ვარ, არასდროს შეუშლია ხელი ჩემთვის, მეკეთებინა ის საქმე, რაც მომწონდა და ვთვლიდი, რომ თავს ვართმევდი. ის დრო, როცა თვლიდნენ, რომ ქალის დანიშნულება სამზარეულოში ტრიალი, შვილების გაზრდა, ოჯახის მოვლა იყო, წარსულს ჩაბარდა. ჩვენ, ქალებს შეგვიძლია ვიყოთ კარგი მზარეულებიც, დედებიც, ცოლებიც და ჩვენი ინტერესის სფეროში წარმატებულნიც. ასე რომ, კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდეთ.

 

– პანდემია მთელი მსოფლიოს გამოწვევაა, ამ მხრივაც გაისმის ოპოზიციის ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, თქვენი აზრი ამის თაობაზე?

 

ოპოზიციის ბრალდებები ამ მიმართულებითაც უსაფუძვლოა. ხელისუფლებამ პანდემიის მართვა ნამდვილად შეძლო, არცერთი მოქალაქე უყურადღებოდ არ დაუტოვებია, თუმცა პასუხისმგებლობას მხოლოდ მმართველ გუნდს ნუ დავაკისრებთ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც სპეციალისტები გასცემენ. დავიცვათ ჰიგიენა, სოციალური დისტანცია, ვატაროთ პირბადე და ავიცრათ.

 

როგორც ბათუმის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატს, მინდა გკითხოთ, რა არის ქალაქის მთავარი პრობლემა?

 

წვიმის დროს დატბორილი ქუჩები, რაც დისკომფორტს უქმნის არა მხოლოდ ბათუმელებს.

 

გულწრფელ ადამიანად გიცნობენ, გულწრფელობის და პოლიტიკის შეთავსება რამდენად შესაძლებელია?

 

შეუძლებელი არაფერია, მთავარია მოინდომო.

 

– კარიერული წინსვლა ზოგჯერ ცვლის ადამიანებს, თქვენ აიცილებთ ამ ხიბლს?

 

ამ კითხვაზე სხვა დროს გიპასუხებთ – დრო ყველაფერს გვაჩვენებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner