„გამიხარდებოდა რაც შეიძლება მეტი ახალი პოლიტიკური პარტია გაჩნდეს ქვეყანაში, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით მოხვდნენ პარლამენტში ან საკრებულოებში“, - ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. თბილისის მერის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბევრი პარტია „გამოიყენა და მიაგდო“.
„2020 წელს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს ძალიან კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ წარმოჩენილიყვნენ საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერით. თუმცა აქაც ბევრი პოლიტიკური პარტია „შეჭამა“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ვიტყოდი, რომ ეს იყო მათი ძალიან დიდი შეცდომა, რომ ალიანსი გააკეთეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგად გამოიყენა ეს პოლიტიკური პარტიები და შემდეგ მიაგდო. გამიხარდებოდა რაც შეიძლება მეტი ახალი პოლიტიკური პარტია გაჩნდეს ქვეყანაში, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით მოხვდნენ პარლამენტში ან საკრებულოებში“, - განაცხადა კალაძემ.