„ეს არის პირი, რომელიც არის მსჯავრდებული არაერთ დანაშაულში. მსჯავრდებულის ადგილი არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შესაბამისად, თუ ასეთი პირი შემოდის ქვეყანაში, მის მიმართ კანონი უნდა აღსრულდეს. ეს არის კანონის უზენაესობის ელემენტარული მოთხოვნა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ზოგადად ვიცით, რომ მშიშარა ადამიანია, მას არ აქვს ასეთი გამბედაობა, ყოველთვის პოულობს ხოლმე გამოსავალს და აქედან გამომდინარე, ალბათობა მაინცდამაინც მაღალი არ არის. თუ ჩამოვა, უკეთესია, ამ შემთხვევაში კანონი აღსრულდება, რაც ვერ აღსრულდა წლების განმავლობაში და ეს იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.