„გონიერი ადამიანი არასოდეს დაუშვებს იმ უზნეობისა და სისასტიკის დაბრუნებას, რაც ამ ნაცჯალათებმა და მათმა ლიდერებმა ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არჩევნები ელოდება ჩემს ქვეყანას 2 ოქტომბერს!
კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა ნაცჯალათების ზრახვები - რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ნებისმიერი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში ამიტომ, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და შემოვხაზოთ ის პარტია და იმ პარტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელსაც ჩვენი დაცვა და არა დასჯა ან განადგურება შეუძლია.
არჩევნის გაკეთება ყოველთვის უწევს ადამიანს - ყოველწუთიერად, ყოველდღიურად, ყოველწლიურად და ა.შ. ვირჩევთ მეგობრებს, ცოლს, ქმარს, სახლს.... ნებისმიერ ეტაპზე იმედგაცრუება მძიმედ გადასატანია.
აქედან გამომდინარე, ძალიან საპასუხისმგებლო იქნება ის არჩევანიც, რომელსაც 2 ოქტომბერს გააკეთებს თითოეული ჩვენგანი, არჩევანი, რომელსაც ქართველი ხალხი გააკეთებს.
ყოველგვარი გულგრილობა და პრინციპი „ხელები დამიბანია“ ღალატის ტოლფასი იქნება.
დიახ, ეს იქნება ღალატი საკუთარი თავის, ოჯახის, ქალაქის, მომავლის, სამშობლოსი. ეს იქნება მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლობა და მას ვერ მოვუძებნით ვერანაირ გამართლებას, რადგან ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის.
თითოეული მოქალაქის არჩევანი, როგორც არასდროს, უნდა იყოს ღრმად გააზრებული და ზნეობრივი, თითოეული ჩვენგანი თავისი არჩევანით საკუთარ თავთან უნდა იყოს მართალი. არავითარი პირადი გამორჩენა ან ქვენა ზრახვა, უნდა გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, რომელიც მხოლოდ სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი ინტერესებით იქნება გაჯერებული‼️
შემოხაზეთ ის პარტია, რომელსაც თქვენი დაცვა და არა დასჯა შეუძლია. შემოხაზეთ ის პარტია, იმ პარტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატი , რომელიც, დარწმუნებული იქნებით, რომ თავისი პრინციპულობით, გონიერებითა და უანგარობით უზრუნველყოფს თავისუფალ სივრცეს, დაიცავს სიტყვისა და მედიის თავისუფლებას, ვინც იღვაწებს ქვეყნისა და ხალხისთვის და არა საკუთარი მიკრო სამყაროსთვის‼️
შემოხაზეთ ის პარტია, რომელიც დაიცავს თქვენს, თქვენი ოჯახისა და თანამოქალაქეების უფლებებს, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, როგორც თავისუფალ გარემოში, ისე საპატიმროში, როგორც ძნელბედობისას, ისე კეთილდღეობის ჟამს.
იმის გაფიქრებაც კი შემზარავია, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა არჩევანიც „ჩაკლული სულის“, დახოცილი ბიჭების, წართმეული თავისუფლების „შემოქმედ“ პარტიას ეკუთვნის.
სულ ერთია, ეს პარტია „განახლებული სიით“ მოგვევლინება, თუ ქმრის ცოლით ჩანაცვლებით ან სხვადასხვა სატელიტ პარტიაში გადანაწილებით, ან ფსევდო მონანიებით, როცა დღეს წარსულში ჩადენილი უკეთური საქმეების გამო საკუთარი თავის ლანძღვასაც არ ერიდება - ის მაინც ისეთივე ბოროტი და ზნედაცემული დარჩება, ისევ ძველებურად შეგვაყრის თვალში ნაცარს, ისევ სიცოცხლეს გაგვიმწარებს‼️არ დაიხევს უკან, რომ ხვალ გაცილებით მეტი უბედურება დაგვატეხოს‼️
ასე რომ, ფხიზლად ვიყოთ, წავიდეთ არჩევნებზე ისე, რომ გვახსოვდეს ჩვენი უახლესი წარსული...
ადამიანები არ იცვლებიან, ნიღბებს იცვლიან მხოლოდ - არსი იგივე რჩება! უმორჩილესად გთხოვთ, არ გაწიროთ საკუთარი და შვილების მომავალი. პირადად ჩემთვის არ არსებობს არავითარი ვალდებულება ჩემი სინდისის მიღმა. თქვენც კარგად იცით, რომ უდიდესი გამარჯვება - საკუთარ თავზე გამარჯვებაა‼️
ერთად უნდა ვძლიოთ კეთილდღეობის ილუზიას, რომელიც მირაჟივით გაქრება, როცა სული აგვეწვება, როცა სინდისი გვამხელს, როცა მომავალი თაობები პასუხს მოგვთხოვენ. პატიოსნებისა და კეთილსინდისიერების ხარისხი იზომება არა შეცდომებით (უცოდველი არავინაა), არამედ იმ შეგრძნებით, რომელიც ადამიანს ეუფლება ამ შეცდომების გაცნობიერებისას. გაბრიელ ქიქოძე ბრძანებდა: „უცოდველი არავინაა, მთავარია, შენმა სინდისმა არ დაგიმალოს ეს ცოდვა“.
გონიერი ადამიანი არასოდეს დაუშვებს იმ უზნეობისა და სისასტიკის დაბრუნებას, რაც ამ ნაცჯალათებმა და მათმა ლიდერებმა ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნის მიმართ.
გონისმიერი და ზნეობრივი ხომ თითქმის ყოველთვის თანხვედრაშია. მაშ, დავდგეთ ყველანი ერთად იქ, სადაც გონიერებისა და ზნეობის სრული ტანდემია!“ - წერს დავით ოქიტაშვილი.