რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული შეთანხმების რატიფიკაციისთვის სახელმწიფო სათათბიროს კანონპროექტი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სათათბიროს ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
„მოხდეს 2021 წლის 10 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის, რომელიც ითვალისწინებს წელთა ნამსახურების გამოთვლას ყოველთვიური დანამატის დაწესებისთვის სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც სამხედრო სამსახურს გადიან კონტრაქტით, ასევე ყოველთვიური დანამატის ოდენობის დასადგენად წელთა ნამსახურებისთვის პენსიის დასაანგარიშებლად იმ პირთათვის, რომლებიც დათხოვნილი არიან სამხედრო სამსახურიდან“, - ნათქვამია კანონპროექტში.
დოკუმენტს ხელი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაჰიმ გასეევმა მოაწერეს.