პროკურატურა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლა ხორციელდებოდა.
პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი პროკურორი მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდეს.
„მთავარი პროკურორი მზადაა, საქართველოს პრეზიდენტს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდეს.
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მზადყოფნას გამოთქვამს, დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მის მიერ დღეს საჯაროდ გაკეთებული განცხადების ირგვლივ.
საქართველოს მთავარი პროკურორი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყონებლივ ან მისთვის მისაღებ დროს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შესახვედრად, მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის განხორციელების ფაქტებზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ დეტალური ინფორმაციის მისაღებად.
შეხვედრების შესახებ მთავარი პროკურატურის ადმინისტრაცის მიერ უკვე ეცნობათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო სამსახურს",- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.