logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: ისტორია განსჯის, რამდენად გამართლებული იყო გახარიას გადადგომა
- +

10 სექტემბერი. 2021. 01:54

 

 

„საბოლოოდ ისტორია განსჯის, რამდენად გამართლებული იყო გახარიას გადადგომა,  მაგრამ კიდევ უფრო დიდ  და მიუტევებელ შეცდომას დაუშვებს თუ 2 ოქტომბერს ჩაებმება ნაცურ ფერხულში არჩევნების გაყალბებაზე, რაც უკვე ისედაც ცხადად იკითხება მათი განცხადებების პათოსიდან გამომდინარე და დესტაბილიზაციის ახალ ტალღაზე დაჯდება მთავრობის გადადგომის და ვადამდელის მოთხოვნით“, - წერს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

„დღეს მართველი პარტიის მორიგ ბრიფინგზე პირდაპირ ითქვა, რომ  რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან.

მიხეილ სააკაშვილის ბოლო დღეების აქტივობის ქრონიკა და გაკეთებული განცხადებები ამ სცენარის სრულ თანხვედრაშია, აბა, სხვა რითი შეიძლება აიხსნას სააკაშვილის ბოლოდროინდელი დითირამბები გახარიასადმი?

როგორც ჩანს, დღეს სააკაშვილისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება გახარიას კარტის გათამაშება, არა მხოლოდ მისი სხვა ოპოზიციურ პარტიებზე მაღალი რეიტინგის გამო. მისთვის რევოლუციურ სცენარში, თუ ის მაინც წავა ვა ბანკზე და აქ ჩამოსვლაზე ექნება ფსონი დადებული,  ლელოც, გირჩიც და გნებავთ ჯუნიორ და სინიორ ვაშაძეები გაჭრილი კარტებია. სად, საფანჩატურეთად წოდებული ოპოზიცია და სად ოცნების ყოფილი პრემიერ მინისტრის განცხადება არჩევნების გაყალბებაზე და არალეგიტიმურობაზე, განსაკუთრებით საერთაშორისო რეზონანსისათვის!

მართალია, გიორგი გახარია ყოველნაირად ცდილობს გაამართლოს მისი გადადგომის მოტივები, მაგრამ თუ მელია არის კრიმინალი, პოლიტიკურად რამდენად სწორი იყო გადადგომა მელიას აყვანის ოპერაციის ვადებზე ვერ შეთანხმების გამო, კითხვებს უფრო ღიად ტოვებს, ვიდრე მყარ არგუმენტს წარმოადგენს.

მიმაჩნია, რომ გახარიას პრობლემა იმაშია, რომ შეიძლება მას მართლა ეგონა მელიას აყვანას მოყვებოდა საერთაშორისო დემარში, რა ფონზეც მაინც მოუწევდა გადადგომა უკვე დაზიანებული რენომეს და მომავალი პერსპექტივის გარეშე, და ვფიქრობ აქ დაუშვა შეცდომა.   იმის მაგივრად, რომ თუნდაც მოგვიანებით ეღიარებინა ამ გადაწყვეტილების მცდარი ხასიათი, ის დღემდე ამ ნაბიჯის გამართლებაზეა გადასული. დაპირისპირება ოცნების ლიდერშიპთანაც, რომელიც დღემდე გრძელდება, და უნდა ვაღიაროთ არც თუ სასიამოვნო ფორმით, სათავეს აქედან იღებს.

ახლა, თუ ამ დაპირისპირებას მეორე მხრიდანაც შევხედავთ,  ოცნების პოზიციაც გასაგებია. როდესაც ხარ ქვეყნის პირველი პირი და გუნდის ლიდერი, გადამწყვეტ მომენტში კი არ უნდა გაიწიო, როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა ყოფილიყო გუნდის შიგნით და მერე  ამ ნაბიჯის  გამართლებით იყო დაკავებული, არამედ პირიქით, შენ თავზე უნდა აიღო, ამის მერე სულ გადადგომაც რომ მოგიწიოს!

როდესაც  აქცენტებს აკეთებენ მისი პოზიციის გასამართლებლად, მელიას დაკავების გამო,  პოლიტიკური პროცესების  არასასურველი მიმართულებით განვითარებაზე, კიდევ საკითხავია, მელია მისი პრემიერობის რანგში რომ აეყვანათ, გახდებოდა თუ არა "პოლიტიკური პატიმარი" და გვექნებოდა თუ არა მიშელის დოკუმენტი, რასაც შემდგომში მოყვა რურუას გამოშვებაც და რაც ოცნებისათვის მაღალი მორალური ჰაზარდის გამო, ეკექტორალურად დამაზიანებელი იყო.

ის ნამდვილად არ იყო ცუდი პრემიერი, საკმაოდ მძიმე დროს მოუწია პრემიერ მინისტრობა, როდესაც არაორდინარული ნაბიჯების გადადგმა უწევდა. მისი მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა, მიუხედავად ეკონომიკის 6 პროცენტიანი ვარდნისა, მძიმე ლოქდაუნის გამო, დღევანდელი ორნიშნა ზრდის წინაპირობადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.

საბოლოოდ ისტორია განსჯის, რამდენად გამართლებული იყო გახარიას გადადგომა,  მაგრამ კიდევ უფრო დიდ  და მიუტევებელ შეცდომას დაუშვებს თუ 2 ოქტომბერს ჩაებმება ნაცურ ფერხულში არჩევნების გაყალბებაზე, რაც უკვე ისედაც ცხადად იკითხება მათი განცხადებების პათოსიდან გამომდინარე და დესტაბილიზაციის ახალ ტალღაზე დაჯდება მთავრობის გადადგომის და ვადამდელის მოთხოვნით.

ასეთ შეცდომებს კი ისტორია, ნამდვილად არავის პატიობს, იმედია ეს ადამიანური და რეპუტაციული რისკი მას გააზრებული აქვს!“, - წერს ექსპერტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner