logo_geo
eng_logo
თორნიკე მოლაშვილი: ვალერი გრიგალაშვილი არის სულხანის საქმის მთავარი შემთითხვნელი!
- +

25 ივლისი. 2016. 16:50


რამდენიმე დღის წინათ, ნაწამები ძმის ცხედარი მიწას მიაბარა, მაგრამ მეგობრობის ხათრით, ინტერვიუზე უარი არ უთქვამს. სულხან მოლაშვილი ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ მის მიმართ სამართლიანობა ბოლომდე არ აღდგა, ჯალათები, რომლებმაც მას საქმე შეუთითხნეს და აწამეს - დაუსჯელები არიან და უფრო მეტიც - ევროპული სასამართლოს დადგენილების მიუხედავად, კვლავ ურცხვად აცხადებენ, რომ წამებას ადგილი არ ჰქონია. ვესაუბრებით სულხან მოლაშვილის ძმას, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ყოფილ პოლიტპატიმარ თორნიკე მოლაშვილს:


- პირველ რიგში, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან უმორჩილესი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი ოჯახის ტრაგედია გულწრფელად გაიზიარა.


ჩემი ძმა, სულხან მოლაშვილი 2004 წლის 22 აპრილს დააკავეს. მან წინასწარ იცოდა, რომ რეჟიმის მის დაკავებას აპირებდა. კეთილისმსურველები სამშობლოს დატოვებას ურჩევდნენ, მაგრამ გაქცევა არც უფიქრია.


- თორნიკე, რას ერჩოდა სულხანს სააკაშვილის რეჟიმი? რატომ აითვალწუნეს?

 

- „ვარდების რევოლუციამდე" სულხანს მოსთხოვეს, საჯაროდ განეცხადებინა, რომ ედუარდ შევარდნაძე საინფორმაციო ვაკუუმშია და სიტუაციას ვერ აკონტროლებს... ამის საფასურად ჰპირდებოდნენ ხელშეუხებლობას, თანამდებობაზე დატოვებას და სხვა დივიდენდებს, მაგრამ ჩემმა ძმამ ამის გაკეთება არ იკადრა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვალერი გრიგალაშვილს პირადად სააკაშვილმა და ადეიშვილმა მისცეს სულხანის დაჭერის დავალება. სხვათაშორის, ეს საკმაოდ კურიოზულ სიტუაციაში მოხდა. იმ დღეს, როცა უნდა დაეკავებინათ, პოლიციელები სულხანის მანქანას უკან დაჰყვებოდნენ, მაგრამ ლესელიძის ქუჩაზე მისი კვალი დაკარგეს. უფროსებს სიმართლის თქმა ვერ გაუბედეს და პატაკი ჩააბარეს - სახლში წავიდა მოლაშვილიო. როცა ოპერატიული ჯგუფი ჟურნალისტებთან ერთად სახლში მივიდა, სულხანი იქ ვერ აღმოაჩინეს, არადა, საჩვენებელი დაკავების მოწყობა სურდათ! ერთი თანამშრომელი, თურმე, იატაკზე გაწვა და საწოლის ქვეშ შეიხედა, რაზეც მეუღლემ უთხრა - სულხანი თქვენ მიშა სააკაშვილში ხომ არ გეშლებათ, საწოლის ქვეშ რომ დამალულიყოო!


ჩემს ძმას შევატყობინეთ ვითარება და საკუთარი ფეხით მივიდა გენერალურ პროკურატურაში. იქ უთხრეს - შენთან არანაირი პრეტენზია არა გვაქვს, თბილისის პროკურატურას მიმართეო. სულხანი მაშინვე ტაქსით გაემართა, იქ კი ბრალი წაუყენეს: თურმე, კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის დროს პალატის თანამშრომლებზე 37201 ლარი პრემიების სახით ჰქონია გაცემული, თანაც 80-100 ლარის ოდენობით და თავისთვის კაპიკიც არასოდეს აუღია!


პრემიის გაცემის უფლება არ ჰქონდაო და ვაკის რაიონის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვალერი გრიგალაშვილმა ამ პრემიების გარდა სულხანს ვერაფერი მოუძებნა! აქედან დაიწყო ჩემი ძმის წამება. მთავარი სულაც არ არის, ვინ შეაერთა დენზე, ვინ დაწვა სიგარეტით. ახლა რომ ნაცები და ლიბერასტები კაკანებენ, სულხანი არავის უწამებიაო... მაშინ სად იყვნენ, როცა მისი საკნიდან გამოსულმა განცვიფრებულმა მათიოს იორშმა განაცხადა, პირუტყვები არ იმყოფებიან ასეთ პირობებში, როგორშიც სულხან მოლაშვილი ვნახეო!


3 დღე სრულ სიბნელეში ჰყავდათ. გაფუჭებულ ონკანში წყალი მოჩხრიალებდა და დასაწოლი არ ჰქონდა - ასეთ მდგომარეობაში შეუსწრი მათიას იორშმა! მაშინ სად იყვნენ, საკანში, ტუალეტის კართან რომ წაუკითხეს სულხანს განაჩენი?


ვალერი გრიგალაშვილი ურცხვად იტყუება, როცა ამტკიცებს, სულხან მოლაშვილი არავის უწამებია და ამასთან დაკავშირებით გამოძიება ჩავატარეთო. თან მე მიმოწმებს - თორნიკე მოლაშვილიც იქ იყო და ყველაფერი იცისო. არც გამოძიება ჩატარებულა და არც მე დავუკითხივარ ვინმეს!


- ვალერი გრიგალაშვილმა პირდაპირ აწამა სულხანი?

 

- ვალერი გრიგალაშვილი არის სულხანის საქმის მთავარი შემთითხვნელი! გრიგალაშვილმა არ იკმარა ჩემი ძმისთვის მიყენებული ტანჯვა და ზუსტად მისი დაკრძალვის დღეს გაზეთ „ქრონიკა+"-ში დაიბეჭდა მისი უტიფარი პოზიცია, სადაც ხელის დაბანას და კვლავ სულხანისთვის ლაფის მოცხებას ცდილობს! სულხანი აწამეს სასამართლოზეც, სადაც არ იქნა გათვალისწინებული დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა! კონტროლის პალატა ამოწმებდა რკინიგზას, „აზოტს", „კვარციტს"... ყველა ობიექტს, სადაც სახელმწიფოს თუნდაც 1 პროცენტი წილი ჰქონდა. სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ კონტროლის პალატას ამ ობიექტების შემოწმების უფლება არ ჰქონდა და არც კი დაჰკითხეს კონტროლის პალატის სხვა ხელმძღვანელები, რომლებიც ასევე ამოწმებდნენ იმავე ობიექტებს, მათ შორის, რევაზ შავიშვილი, რასაც საჯაროდ აცხადებდნენ კიდეც!


- მოსამართლე ვინ იყო?

 

- მანუჩარ კაპანაძე. მის მიმართ პრეტენზია არ მაქვს. ერთხელ თავის კაბინეტში შემიყვანა და მითხრა - რატომ მაგინებთ და მწყევლით, ხომ იცით, მე არ ვწყვეტ, რამდენი უნდა მივუსაჯო, როგორც მეტყვიან, ისე მოვიქცევიო! ახლა მოვუწოდებ მანუჩარ კაპანაძეს, დაადასტუროს მისივე ნათქვამი და გაიმეოროს, რომ მასზე იყო ზეწოლა! ყველას გმირობას ვერ მოსთხოვ, ვიკმარე, რაც მაშინ მოსამართლემ აღიარა... მაგრამ ვერასოდეს ვაპატიებ ვალერი გრიგალაშვილსა და ლევან მურუსიძეს, დღეს რომ იმეორებენ, თითქოს სულხან მოლაშვილს სამართლიანად მიუსაჯეს! ვალერი გრიგალაშვილი თვითონ არის კრიმინალი! იყო ასეთი პიროვნება, დათო ჯიბღაშვილი, რომელიც  ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობდა. ის ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც ვარდოსნების რეჟიმმა დააკავა, შემდეგ კი გაუშვეს, თუმცა, ვალერი გრიგალაშვილი არ მოეშვა და შუამავალი მიუგზავნა - 50 ათასი გადამიხადეო. რაში უნდა გადაგიხადოო? - უკითხავს ჯიბღაშვილს. - კეთილგანწყობაშიო! ეს საუბარი, თურმე, ჯიბღაშვილმა ჩაიწერა და პროკურატურაში მიიტანა. შუამავალი დაიჭირეს, ვალერი გრიგალაშვილი კი ძმის - პარლამენტარ ნოდარ გრიგალაშვილის ხათრით არ დააპატიმრეს, თუმცა, თანამდებობიდან გააპანჩურეს! ანუ გრიგალაშვილი თვით ნაცების წიაღშია კორუმპირებულად აღიარებული. ამის მიუხედავად, მან, იმავე ნაცების დავალებით, ახლა უტიფრად გამოყო ცხვირი ბუნაგიდან და რატრატებს - სულხან მოლაშვილი სამართლიანად გავასამართლეთო, მაშინ, როცა თვით ევროპელმა სასამართლომ აბსოლუტურად საპირისპირო გადაწყვეტილება გამოიტანა!


- მაინც, რა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ?

 

- სტრასბურგმა 4 ეპიზოდში გაამტყუნა სააკაშვილის რეჟიმი:


1. ევროპული სასამართლოს დადგენილების თანახმად, სულხანის მიმართ თვით პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, როცა განაცხადა, მაგ მექრთამეს ციხეში ამოვალპობო; 2. სტრასბურგმა სულხანი აღიარა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად; 3. აღიარა, რომ სულხანის მიმართ სასამართლო იყო არასამართლიანი და 4. აღიარა, რომ სულხანი იყო ნაწამები!


„ნაციონალური მოძრაობა" იძულებული გახდა, სტრასბურგის ეს დადგენილება თვითონაც ეღიარებინა! ამის შემდეგ,  განსაკუთრებით სამარცხვინოა, დღეს უტიფრად რომ აცხადებენ, სულხან მოლაშვილის წამების ადგილი არ ჰქონიაო!


- თორნიკე, თქვენ რატომღა დაგიჭირეს? როგორ იქეცით პოლიტპატიმრად?

 

- 2011 წელს ნაცები ცაიტნოტში აღმოჩნდნენ. სულხანის სარჩელი ევროპულ სასამართლოშია და მოდის ინფორმაცია, რომ რეჟიმი მის წინაშე გამტყუნდება... აი, ამ ვითარებაში მაკავებენ მე, მიდებენ იარაღს და ნარკოტიკს, მთავაზობენ, ზემოქმედება მოვახდინო სულხანზე, რათა სტრასბურგის სასამართლოდან საჩივარი გამოიტანოს, სანაცვლოდ მე მხოლოდ 1200 ლარს დამაკისრებენ და გამათავისუფლებენ! არ დავთანხმდი... 2004 წლიდან მოყოლებული, ჩემს ოჯახს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა. ამის გამო დაგირავებულია მამაჩემის ბინა ფოთის ქუჩაზე. დაგირავებულია ჩემი სახლი და ავტომანქანაც ბანკშია ჩადებული!


- იმედი გაქვთ, რომ სულხან მოლაშვილთან დაკავშირებით სამართლიანობა აღდგება?

 

- მინდა, „ასავალ-დასავალის" ფურცლებიდან ვთხოვო და მოვუწოდო ხელისუფლებას - ბოლოს და ბოლოს, მოახდინოს სულხან მოლაშვილის სრული რეაბილიტაცია, მისი ჯალათები, საქმის შემთითხვნელები კანონის ფარგლებში გაასამართლოს და ნუ აძლევს ვალერი გრიგალაშვილის მსგავს ნაძირლებს სულხანის ხსოვნისა და სახელისთვის ლაფის სროლის საშუალებას! გარწმუნებთ, კანონის ფარგლებში თუ არა, სამართლიანობა მაინც აღდგება, მაგრამ ჯალათებისთვის გაცილებით უფრო სამწუხარო ფორმებით!

 

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner