„რა თქმა უნდა, შევხვდები პრეზიდენტს. მე მასთან ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობა მაქვს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც პრეზიდენტის წინადადებას იღებს და მასთან შეხვედრისთვის მზად არის.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე სამართალდამცავების მონაწილეობით ზეწოლის განხორციელებას ჰქონდა ადგილი, თუმცა, პრემიერ-მინისტრი შანტაჟს და აღნიშნულ საკითხში პოლიტიკურ კომპონენტს გამორიცხავს.
„მე მქონდა პრეზიდენტთან საუბარი ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ. მაშინვე დავავალე შს მინისტრს, რომ სასწრაფოდ უნდა გაირკვეს ეს საკითხი. მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყო შანტაჟი და პოლიტიკური ზეწოლა.
თუ აქ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, შესაბამისი რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, მაგრამ გამოვრიცხავ პოლიტიკურ კომპონენტს. მე ვფიქრობ, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებამდე, მეც, პრეზიდენტმაც და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცველებს. კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.