ავტორი თეა ფირცხალავა
ქალბატონო პრეზიდენტო!
თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მინდა, ღიად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და ეჭვები საქართველოდან გაქცეული უკრაინის მოქალაქის და მასთან დაკავშირებით თქვენი მორიგი, შესაძლო „სიურპრიზის“ შესახებ:
საქართველოს პრეზიდენტად თქვენი არჩევის პირველივე დღიდან მივეჩვიეთ თქვენი მხრიდან „ევროპული“ ნაბიჯების გადადგმას და სასიამოვნო და არასასიამოვნო სიურპრიზების „მოწყობას“, რაც, მართალი გითხრათ, თქვენგან განსხვავებული მენტალობის მქონე საქართველოს მრავალი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კი ქართველებისთვის, სრულიად ამოუცნობი და მიუღებელი იყო, მეტადრე მაშინ, როდესაც კრიმინალების შეწყალების თაობაზე მიღებული თქვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არა ქართველი ერის ნებას, არამედ მთელი რიგი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების შეშფოთებას, მათ რეკომენდაციებსა და დაჟინებულ „თხოვნას“.
ამიტომ... კვლავაც რომ არ დავრჩეთ განსაცვიფრებლად განცვიფრებულები, მსურს გავაკეთო პრევენციული განცხადება და მეხსიერების გავარჯიშების მიზნით შეგახსენოთ თქვენი ხანგრძლივი პოლიტიკური ცხოვრების ერთი დღე, კერძოდ თქვენი შეხვედრა ქვეყნის რეგვენ პრეზიდენტ მიშა სააკაშვილთან, რომელმაც თქვენ, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერს და დახვეწილ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ხელიც კი არ ჩამოგართვათ, (რბილად რომ ვთქვათ) ზურგი შეგაქციათ და ა.შ., რაც არა მგონია, სასიამოვნო ყოფილიყო თქვენნაირი ამბიციური ქალბატონისთვის.
ქალბატონო პრეზიდენტო! გაუძელით ნებისმიერ ზეწოლას, „რეკომენდაციასა“ და ყურში წაჩურჩულებას და არასოდეს იკადროთ ქვეყნიდან გაქცეული კრიმინალის - მიშა სააკაშვილის შეწყალება, რადგან ამას აუცილებლად მოყვება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ქუჩაში გამოსვლა და სისხლის ტბების დაყენება, რასაც არასოდეს გაპატიებთ ჩვენი ერი და ისტორია.