დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე რესპუბლიკელების შესახებ facebook-ზე წერს:
„მოდით პირდაპირ ვთქვათ სიმართლე - რესპუბლიკური პარტია გახლავთ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გენერალ ალექსი ინაურის პროექტი. როგორც გამიგია, ამხანაგი ინაური საკმაოდ შორსმჭვრეტელი ადამიანი გახლდათ და მან წინასწარ განსაზღვრა, თუ რა როლი ექნებოდა რესპუბლიკურ პარტიას მომავალ საქართველოში. ნამდვილი დისიდენტური და ეროვნული მოძრაობის საპირწონედ შექმნილი ეს ძალა მუდმივად ასრულებდა ჭეშმარიტი პატრიოტების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღის როლს. ამის თვალნათელი მაგალითია „რესპების" მიერ წარმოებული ბრძოლა ეროვნული მოძრაობის ჭეშმარიტი ლიდერის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. ჩვენდა სამწუხაროდ ინაურის აგენტურა დღესაც მოქმედებაშია და ყველა ანტიეროვნული საქმის პიონერები ისინი ბრძანდებიან.
ხშირად დაუსვამთ ესეთი კითხვა - რატომ ებრძვიან „რესპები" ეკლესიას? პასუხი მარტივია-მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საბჭოთა კგბ-ს წიაღში არიან აღმოცენებულნი, ხოლო საბჭოთა მზვერავი ან აგენტი არ შეიძლება მორწმუნე იყოს. სწორედ ეს გახლავთ ძირითადი მიზეზი იმისა, რომ სწორედ ისინი ეწინააღმდეგებიან ლუსტრაციის კანონის მიღებას, ხოლო ვინმე თუ წამოსწევს ამ საკითხს, მყისვე ბლოკავენ. ამ ფონზე აბსოლუტურად გაუგებარი იქნება რაიმე სახის ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბარი და ალბათ იმ პიროვნებებს, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ დაფიქრება მოუწევთ, ხოლო დაფიქრების შემდგომ არჩევანის გაკეთება-ან ქართველი ხალხი და ან რესპები. არჩევანი თქვენზეა, ხოლო მოქმედება ხალხზე!", - წერს ბრეგაძე.