რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“, რომელიც ავღანეთის სრულ ტერიტორიას აკონტროლებს, 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტერაქტები დაგმო.
„თალიბანის“ წარმომადგენელი სუჰეილ შაჰინის განცხადებით, მაშინ ისინი მზად იყვნენ აშშ-სთან თანამშრომლობისთვის და გამოძიებაში დახმარებისთვის.
„მაშინ ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფი თალიბებისთვის „ალ-კაიდას“ მიერ მომზადებული ტერაქტები სრულიად მოულოდნელი იყო. „თალიბანმა“ ამ თავდასხმების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა“, - განაცხადა შაჰინმა.
2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, „ალ-კაიდას“ 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთ-ერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე პენტაგონის შენობას დაეცა, დანარჩენი ორი - ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ. ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტები მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის მიერ იყო ორგანიზებული. ტერაქტებს 2 753 ადამიანი ემსხვერპლა.