logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჩივაძე: უნდა დამთავრდეს ისეთი ფეხბურთელების გამოძახება, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ
- +

12 სექტემბერი. 2021. 20:54

 

 

თბილისის ''დინამოს'' ექს-კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ გადაცემა ''ტაიმაუტში'' საქართველოს ეროვნული ნაკრების განვლილი სამი მატჩის შესახებ საკმაოდ კრიტიკულად ისაუბრა.

 

''სანიოლის მოსვლის შემდეგ ნაკრებში დააახლოებით 35-40 ფეხბურთელი გაისინჯა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაგვაკლდა. ჩემი პირადი აზრით, ნაკრებში ამდენი მოთამაშე ძალიან ბევრია. ჩვენ რომ ნაკრებში გვიწვევდნენ, მანამდე კლუბებში გვამოწმებდნენ. მე, ჩელებაძე და სულაქველიძე ნაკრებში რომ აგვიყვანეს, ბესკოვმა კედელზე გამოაკრა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მაჩვენებლები. სწორება ამაზე უნდა ყოფილიყო. ნაკრებში სხვა მოთხოვნებია, იქ ვარსკვლავებს ეთამაშები. ნახეს ეროვნული ჩემპიონატის მოთამაშეები. ალბათ, აღარ იქნება ასეთი გადახტომები და სამწვრთნელო სტაფი ჩამოყალიბდება იმ 15-20 კაცზე, რომლების იმედიც შემდეგ ციკლში ექნებათ. დადიხარ საქართველოს ჩემპიონატზე და იცი აქაური მოთამაშეების შესაძლებლობები, მერე კი ესპანეთს ხვდები. მოკლედ, დამთავრდა ამ ექსპერიმენტების დრო და უნდა დამთავრდეს ისეთი ფეხბურთელების გამოძახება, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ”,  - განაცხადა ალექსანდრე ჩივაძემ.

 

კრიტიკული იყო გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი და ლეგენდარული ფორვარდი ვლადიმერ გუცაევიც.

 

„ზოგიერთ ფეხბურთელს რომ ვუყურებ, ვერ ვხდები, ნაკრებში რატომ აიყვანეს, არც ძლიერ კლუბშია და არც თავის პოზიციაზეა სხვებზე უკეთესი. მწვრთნელი ბირთვზე უნდა ჩამოყალიბდეს“, - აღნიშნა ვლადიმერ გუცაევმა.

 

შეგახსენებთ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე თვეში ორი მატჩი ჩაატარა. სანიოლის გუნდი ბათუმში კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა, შემდეგ კი ესპანეთთან გასვლით მატჩში 4 უპასუხო გოლი გაუშვა, რასაც ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთთან სოფიაში მარცხი მოჰყვა (4:1). საერთო ჯამში, გასულ სამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 9 გოლი გაუშვა და მხოლოდ 1 გაიტანა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner