logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: პოლიტიკასაც თავისი წესები აქვს, ეს არ არის ბრძოლა წესების გარეშე
- +

12 სექტემბერი. 2021. 23:21

 

 

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა კონკრეტულ ტელევიზიებში წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობაზე უარის მიზეზი.

 

„ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე დებატებზე უარი არ მითქვამს. არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც კანონი ავალდებულებს დებატების გამართვას. თუ ისინი შექმნიან შესაბამის პლატფორმას, მე, კახა კალაძე, თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი მზად ვარ, 16-ვე კანდიდატს დავუჯდე დებატებში. ყველა ჩემს ოპონენტს დიდ პატივს ვცემ, არავის გამოვარჩევ, არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი, დიფერენცირება გავაკეთო. მზად ვარ ყველას დავუჯდე დებატებში.

 

ამ არხების მხრიდან გაკეთებული განცხადება არ მივიღე და ამას აქვს თავისი ახსნა: შეგიძლიათ, ნახოთ კონკრეტული გადაცემები ჩემთან დაკავშირებით, ცილისწამება, შეურაცხმყოფელი განცხადებები, ტალახის სროლა. მხოლოდ ჩემზე კი არ გაჩერდნენ, უკვე ოჯახის წევრებზეც გადავიდნენ, ჩემს მეუღლეზე. საუბარი იყო, თითქოს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ტანსაცმელს ჩემი მეუღლე კერავს. ბევრი ტყუილი და სიბინძურე მოვისმინეთ ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით, რაც ეს საარჩევნო კამპანია დაიწყო. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ასეთ ტელევიზიებში მისვლას, რომელთა ჟურნალისტები დაკავებულები არიან ჩემი დისკრედიტაციით, ცილისწამებით და ტალახის სროლით. შესაბამისად, ნეიტრალური ტელევიზია, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებელი, თუ შექმნის შესაბამის პლატფორმას, მზად ვარ, 16-ვე კანდიდატთან დავჯდე დებატებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, ე.წ. კრიტიკული მედიის მხრიდან გავრცელებული ცილისწამება და ტყუილები საზოგადოებაზე ნეგატიურად აისახება.

 

„როდესაც მოდიოდა ამდენი ნეგატივი ჩემი მისამართით ამ ტელევიზიების მხრიდან, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ რაღაცაზე მაღლა უნდა დავდგეთ, შეუძლებელია ამდენი შეურაცხყოფა, ამდენი სიძულვილი. ეს ყველაფერი აისახება საზოგადოებაზე და ამ ყველაფრისგან ვიღებთ ძალიან მძიმე შედეგებს.

 

ყველა - არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ოპოზიციის, საზოგადოების ჩართულობით, რაღაცაზე თუ არ შევთანხმდით, ასე გაგრძელება წარმოუდგენელი და შეუძლებელი მგონი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, მომავალი თაობებისთვის, ჩვენი შვილებისთვის. ის, რაც ხდება ამ ტელევიზიებში, პირდაპირ დედის გინება რომ არის, ხან ჭიქებს ესვრიან ერთმანეთს და ხან ბოთლებს, ამას ხომ ახალგაზრდები უყურებენ და ძალიან ცუდად აისახება მომავალ თაობაზე, შემდეგ კი საზოგადოებაში ძალიან ცუდი სახით იჩენს თავს. ამიტომ ყველა რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ, რაღაც წითელი ხაზები უნდა გაევლოს. პოლიტიკასაც თავისი წესები აქვს, ეს არ არის ბრძოლა წესების გარეშე “, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner