პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
სესიაშვილი ზეწოლასთან დაკავშირებით როგორც პრეზიდენტის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრალდებებში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. სესიაშვილის ინფორმაციით, სამართალდამცავთა მხრიდან არავითარ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და პრეზიდენტის განცხადებაზე შესაბამისი ორგანოები ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ.
„ბრალდებები მაღალი ტრიბუნიდან გვესმის. გვესმის ერთგვარი პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ამ პასუხისმგებლიან ხალხს გააზრებული აქვს, რომ თუ საკითხში გვინდა გავერკვეთ, ყოველდღე ამ თემებზე აპელირებით და ინსტიტუტების დისკრედიტებით კი არ უნდა დაკავდნენ, არამედ შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართონ. ამიტომ მეჩვენება, რომ ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური მოტივაცია. ეს განცხადებები უფრო მეტად გათვლილია იმაზე, რომ ნიუსებში ასეთი სათაურები გამოვიდეს. ქუხს, მაგრამ არ წვიმს - ასე შეიძლება შეფასდეს ეს ვითარება. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის დაცვის გარანტია, თუკი ხედავს, რომ მოქალაქის უფლება დაირღვა და, არა აქვს მნიშვნელობა, ის მისი ოჯახის წევრია თუ მეზობელი, თუკი ამაზე რეაგირების ნაცვლად, ელოდება, სად შეიძლება უფრო ეფექტური იყოს მისი განცხადება, უკვე პოლიტიკური მოტივი იკვეთება", - განაცხადა სესიაშვილმა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამართლადამცავთა მხრიდან მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, სწორედ ამიტომ არ გაჰკვირვებია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება, მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით.
„ეს ტენდენცია ახალი არ არის. ერთი თვის წინ ჩემი ოჯახის წევრზეც იყო მცდელობა სამართალდამცველების ჩართვით ზეწოლის განხორციელებისა. ეს იყო იმიტაცია რეალურად და გამომდინარე იქიდან, რაც პაპუაშვილმა მითხრა, ეს ჩემთვის გასაოცარი არ არის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.