„ბებიაჩემს პატარა ასაკში პირობა მივეცი, რომ ემიგრაციიდან ჩამოგიყვან-მეთქი“, - ლაშა ბექაურმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
მისი თქმით, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მათ ოჯახს ემიგრაციაში მყოფი დეიდა და ბებია ინახავდნენ.
„დეიდაჩემი და ბებიაჩემი, რომელიც ემიგრაციიდან დავაბრუნე, ისინი გვამარაგებდნენ. ბებიაჩემი 19 წელი იყო საბერძნეთში, ათენში მუშაობდა. იქიდან გვინახავდა ბებია, დეიდაც. პატარა ასაკში პირობა მივეცი, რომ ჩამოგიყვან-მეთქი და შევასრულე“, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.
ბექაურმა ბებიასთან შეხვედრის მომენტიც გაიხსენა. მისი თქმით, მათი შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მათ ერთმანეთი ორწელიწადნახევარი არ ენახათ.
„ბებიაჩემთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ყოველთვის გვინდოდა ერთად გვეცხოვრა“, - დასძინა ბექაურმა.