„კარგია, რომ 19 აპრილის შეთანხმება ანულირდა, ამან პარტიებს შორის ურთიერთობას უფრო მეტი სერიოზულობა შესძინა“ ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმება იმიტომ გაუქმდა, რომ ის ვერ უზრუნველყოფდა შედეგის მიღწევას. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე „თუ ვინმეს საყვედური ეთქმის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ოპოზიცია, რომელმაც შეთანხმებას ხელი არ მოაწერა“.
„რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებას, ამ შეთანხმების ბედი თავად ოპოზიციამ გადაწყვიტა იმით, რომ ცალმხრივად არ შეუერთდა. ცალმხრივად ვალდებულებების აღებას აზრი არ ჰქონდა. პირიქით, კარგია, რომ ანულირდა. საერთო ჯამში, თუ დავფიქრდებით, ამან პარტიებს შორის ურთიერთობას უფრო მეტი სერიოზულობა სწორედ რომ ახლა შესძინა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პუნქტი ზედმიწევნით შეასრულა და პირნათელია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე დოკუმენტისთვის ხელი რომ მოეწერა, ეს შეთანხმება დღესაც ვალიდური იქნებოდა.ვინაიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხელი არ მოაწერა, მოხდა ამ შეთანხმების ანულირება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.