26 ივლისს, 10:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატაშვილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკა ანთიძესთან ერთად, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლსა და ადგილზე მომუშავე ექსპედიციას მოინახულებს.
1 წლის წინ აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა, ამერიკის, კერძოდ, მაიამის ბეტა ლაბორატორიამ ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა, რამაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეცვალოს მსოფლიო დამწერლობის ისტორია. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 3000 წლის ისტორიას ცხადყოფს.
გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა; კერძოდ, ავტობანის მშენებლობის დროს, აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი ნასახლარი და უნიკალური ღუმელი. იქ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები დააფინანსა საგზაო დეპარტამენტმა. ხოლო მისი კონსერვაცია და ობიექტის შემდგომი განვითარება უგულებელყოფილი იყო - ობიექტის დიდი ნაწილი გზის მშენებლობას შეეწირა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა საგენტომ 2014 წელს (თითქმის 8 წლის შემდეგ) ინტერესი გამოთქვა ამ ობიექტის საფუძვლიან შესწავლაზე, მის კონსერვაციასა და საერთაშორისო სტანდარტებით სამუზეუმო სივრცის მოწყობაზე. 2014 წელს დაიწყო მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები. 2015 წელს კი, 2014 წელს გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტის კონსერვაცია განხორციელდა (მოეწყო გადახურვები) და გაგრძელდა არქეოლოგიური გათხრები. საიტზე აღდგა ერთ-ერთი ნაგებობა. აღმოჩნდა ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა. გრაკლიანის გორას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და საქართველოს მთავრობის მიერ განესაზღვრა ეროვნული კატეგორია.
2016 წელს გაგრძელდა მასშტაბური სამუშაოები. ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, დაიწყო სამუზეუმო სივრცის მშენებლობა. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება აქ აღმოჩენილი ყველა ის არტეფაქტი, რომელიც ამ ობიექტის უნიკალურობაზე მეტყველებს.
გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.
ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლიანის უწყვეტი
განვითარების ისტორიას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები
გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში - საფრანგეთში,
ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში.