„მიმდინარე წლის აგვისტოს მონაცემები იმ კუთხითაც არის საინტერესო, რომ გასულ პანდემიურ პერიოდში მიუხედავად წლის პირველ ნახევარში მძიმე „ლოკდაუნისა“, რაც ეკონომიკის ორნიშნა ვარდნაში აისახა, აგვისტოში ეკონომიკა უკვე გახსნილიყო იყო. აქედან გამომდინარე, როგორც გასული 2020 წლის, ასევე პანდემიანდელ 2019 წელთან შედარება, გარკვეული დასკვნების საფუძველს იძლევა. მიმდინარე წლის აგვისტოში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 14.6 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 335.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აგვისტოში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 2019 წლის აგვისტოში დაფიქსირებულ მონაცემებსაც 6.1%-ით აღემატება“, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ, რომელმაც 2021 წლის იანვარი - აგვისტოს საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემი შეაფასა.
ექსპერტის ინფორმაციით, მარტიდან მოყოლებული ექსპორტის ზრდის დინამიკა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის შეუქცევად ტენდენციაზე, რაც მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის მიხედვით ეკონომიკის ზრდის ორნიშნა, 12.2 პროცენტით არის გამოხატული.
მისი თქმით, ამის კიდევ ერთი ილუსტრირებაა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტის 25.7 პროცენტიანი ზრდა, რაც 2,605.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, და 7.2%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემსაც.
რაც მთავარია, თუ გასულ წლებში სასაქონლო ექსპორტი ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე იზრდებოდა, დღეს ექსპორტის სტრუქტურაში სულ უფრო იზრდება ადგილობრივი ექსპორტის პროცენტული წილიც, რაც 74 პროცენტს შეადგენს.
„კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი, უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირებული მაჩვენებელია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 3 467.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტი შეადგინა, მაშინ როდესაც წინაპანდემიურ პერიოდში მისი სიდიდე 43 პროცენტი იყო. ექსპორტის ზრდის დინამიკაში, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირება, ასევე დადებითად აისახება საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე, რაც გარდა სავალუტო კურსზე დადებითი ზეგავლენისა(უფრო მეტი უცხოური ვალუტა რჩება ქვეყანაში) პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს ქვეყნის სუვენერულ საკრედიტო რეიტინგებზე, რაც საინვესტიციო თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, უახლოეს წლებში ადგილობრივი ექსპორტის ზრდაზე და განსაკუთრებით დივერსიფიკაციაზე, მხოლოდ დადებითად აისახება მთავრობის ახალი, ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი პროგრამა, რაც კერძო სექტორთან ერთად ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით უახლოეს სამ წელიწადში 2 მილიარდ ნახევარს დახარჯავს, ათასზე მეტი საწარმოს დასაფინანსებლად.