„ალბათ, რომ არა, ამ თემით ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის დაინტერესება და ტრადიციულად არასიღრმისეული, გულგრილი, მიკერძოებული გაშუქება კვლავ დუმილს შევინარჩუნებდი. მაგრამ მინდა საზოგადოებამ იცოდეს ჩემი პოზიცია ატეხილი აჟიოტაჟის მიმართ“, - ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტარი გოგი მეშველიანი „ტვ პირველზე“ მისი ძმის, გოჩა მეშველიანის ინტერვიუს, რომლის თანახმად გოჩა მეშველიანი „შაბათის ეთერში“ მმართველი გუნდის მხრიდან არჩევნების გაყალბების თემაზე საუბრობს.
აღნიშნულ ინტერვიუს გოგი მეშველიანი ცილისმწამებლურ კამპანიას უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი სიბინძურის ტირაჟირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ვერ შეძლებენ.
გოგი მეშველიანი ინტერვიუს იმ ნაწილს აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, „ტვ პირველმა“ შეგნებულად ამოჭრა და არ გაუშვა ეთერში, რათა სიუჟეტი დაემახინჯებინა:
„მინდა გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში ჩემს ირგვლივ წამოწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც მიმართულია ჩემი და ჩემი გუნდის დისკრედიტაციისთვის, რითაც სურთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგს ჩრდილი მიაყენონ და ამომრჩევლის კეთილი ნება ეჭვქვეშ დააყენონ.
ჩვენი ოპონენტების მხრიდან არაერთხელ გავმხდარვართ მსგავსი აბსურდული ბრალდებების მომსწრე თუმცა, ამჯერად, ეს ყველაფერი აქციეს ტრაგედიად და სცენაზე ჩემი ძმა გამოიყვანეს, რაც დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი ოჯახისა, თუ ადამიანისთვის დიდი ტკივილია.
მავანთ სურთ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მსგავსი სიბინძურის ტირაჟირებით დაიწერონ პოლიტიკური ქულები, თუმცა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მსგავსი ცილისმწამებლური კამპანიით ვერ შეძლებენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ალბათ, რომ არა, ამ თემით ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის დაინტერესება და ტრადიციულად არასიღრმისეული, გულგრილი, მიკერძოებული გაშუქება კვლავ დუმილს შევინარჩუნებდი. მაგრამ მინდა საზოგადოებამ იცოდეს ჩემი პოზიცია ატეხილი აჟიოტაჟის მიმართ.
მთელ ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე რთული და საჩოთირო მომენტი გახლავთ, ის, რომ ჩემი ოჯახის წევრი ასე გამოხატავს ჩემდამი რაღაცით უკმაყოფილებას. სწორედ ეს არის ჩემთვის დიდი ადამიანური ტრაგედია და სირცხვილი ჩემი ოჯახისთვის. ხოლო დანარჩენი ყველაფერი არის საპნის ბუშტი.
მიუხედავად ყველაფრისა მე არ მივცემ თავს უფლებას საკუთარ ოჯახის წევრზე რამე ვთქვა, მხოლოდ უფალს ვთხოვ, შეუნდოს!
აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებსაც უპირობოდ სჯერათ ჩემი, რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს ჩემდამი კეთილგანწყობა და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ძალიან ბევრია. სწორედ, რომ ადამიანების ჩემდამი დამოკიდებულება მაძლიერებს და არასდროს მივცემ თავს უფლებას დავეცე. ვერანაირი ძალა ვერ შეძლებს ჩვენსა და საზოგადოებას შორის მრავალწლიანი ნდობის ხიდის ჩატეხვას.
გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელიც შეგნებულად ამოჭრა და არ გაუშვა პარტიულმა „TV პირველმა“ , რათა სიუჟეტი დაემახინჯებინა", -წერს გოგი მეშველია ნიდა ვიდეო აქვეყნებს.